გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია: დაფინანსებულია 400-მდე ახალი გადამმუშავებელი საწარმოს და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა

29-05-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს სახელმწიფო პროგრამების და პროექტების კონკრეტულ შედეგებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება თანამედროვე ხეხილის ბაღების ფართობები, რაც ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო პროგრამის - „დანერგე მომავლის“ შედეგია. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სახელმწიფოს მხარდაჭერით  გაშენებულია  22 ათას ჰექტრამდე თანამედროვე ბაღი.


„ჩვენი გათვლებით, სახელმწიფოს ხელშეწყობით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავლის ღირებულება,  2023  წელს, 150 მლნ ლარს აღემატება. მომდევნო წლებში ბაღებიდან მიღებული მოსავალი მნიშვნელოვნად მზარდი იქნება, რაც განპირობებულია გაშენებული ბაღების მსხმოიარობაში შესვლით და საპროგნოზო მაჩვენებლით. 2030 წლისათვის მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში გაშენებულ ბაღებში წარმოებული პროდუქციის ღირებულება  500 მილიონ ლარზე მეტი იქნება. ცალკეული კულტურების საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებლები აისახა ექსპორტზეც, რომელმაც გასულ წელს  204 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გამოსაყოფია არა მხოლოდ ქვეყნისთვის ტრადიციული ხილის ექსპორტი, არამედ ისეთი მრავალწლოვანი კულტურების ექსპორტიც, რომელიც გასულ წლებში მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ ხორციელდებოდა. ასეთია მაგალითად მოცვი, დაფნის ფოთოლი და სხვა. მოცვის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა გასულ წელს 20 მლნ დოლარს გადააჭარბა. ყოველწლიურად ველოდებით ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვან ზრდას, მაშინ როცა, რამდენიმე წლის წინ მოცვის ექსპორტი საერთოდ არ ხორციელდებოდა, ვინაიდან ფაქტობრივად წარმოება არ გვქონდა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


მინისტრმა ხაზი გაუსვა პროდუქციის წარმოების ზრდასთან ერთად მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელობის საკითხს და აღნიშნა, რომ სწორედ ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე, რამდენიმე წელია მიმდინარეობს სახელმწიფო მხარდაჭერის სხვადასხვა პროგრამა პროდუქციის შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოო ინფრასტრუქტურის შექმნისათვის. მხოლოდ საგრანტო პროგრამების ფარგლებში, დღემდე დაფინანსებულია 400-მდე ახალი გადამმუშავებელი საწარმოს და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა.  ამ ახალი საწარმოების მიერ რეალიზებული პროდუქციის და გაწეული მომსახურების ღირებულება 1.7 მლრდ ლარს აჭარბებს და  მათ მიერ ბიუჯეტში განხორციელებული გადახდები 115 მლნ ლარს აღემატება. ასევე აღსანიშნავია, რომ შემნახველი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს 146 ათას ტონამდე პროდუქციის თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შენახვას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930