6-06-2024
„მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პოტენციალის ხელშეწყობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენი პოლიტიკაც მიმართულია კერძო სექტორის შესაძლებლობების განვითარებაზე, რესურსების ეფექტიან მართვასა და სტრუქტურული რეფორმების გატარებაზე", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში სწრაფი ურბანიზაცია და კლიმატის ცვლილები უმნიშვნელოვანესი ამოცანებია და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს.
„გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ძირითადი ნაწილი სწორედ ამას ეხმიანება და ამ მიზნების სწორად ადაპტაცია და ადგილობრივ პოლიტიკაში სწორად გადათარგმნა სხვადასხვა ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა. ჩვენთვისაც უმნიშვნელოვანესია მჭიდრო კოორდინაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ჩვენი პოლიტიკის თანხვედრა მათ გადაწყვეტილებებთან, რათა მივიღოთ მდგრადი განვითარება და ჯანსაღი ქალაქები, მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და ისეთი საცხოვრებელი პირობები, რომელიც შეეფერება ჩვენს მოსახლეობას", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
„ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი" თბილისის მერიის მიერაა ორგანიზებული და ორი დღის განმავლობაში იმუშავებს. ფორუმი 2007 წლიდან ტარდება და მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად მაღალი დონის საერთაშორისო სპიკერები, დარგის ექპერტები და საჯარო და კერძო სექტორის და უწყებების წარმომადგენლები ურბანული განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივებს, ამ კუთხით ინოვაციურ იდეებს და მათი პრაქტიკაში დანერგვის გზებს განიხილავენ. წელს ფორუმის ტარდება სახელწოდებით „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება".
ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ფორუმის მნიშვნელობას, რამდენადაც თბილისი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 51% დედაქალაქში იქმნება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა მდგრადობა და ევროპისა და ფართე რეგიონის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჩვენა - 2023 წელს მან 7.5% შეადგინა, ბოლო სამი წლის საშუალო მაჩვენებელი კი 9.7%-ია. მინისტრის პროგნოზით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი წელსაც გრძელდება - იანვარ-აპრილში მისი მაჩვენებელი 9.0%-ს შეადგენს.
„იმისთვის, რომ გვქონდეს მდგრადი განვითარება, ჯანსაღი გარემო, მნიშვნელოვანია დარგობრივი პოლიტიკის ისე წარმართვა, რაც სწორედ ამ გამოწვევებს ითვალისწინებს - მათ შორის ენერგეტიკული პოლიტიკა მდგრადი განვითარების მიმართულებით. ისეთი პრიორიტეტების ასახვა ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, რომელიც პასუხობს რესურსების ეფექტურად მართვას, ჭკვიანი ტექნოლოგიების გამოყენებას, ინოვაციების ჩართვას, რატა ურბანიზაციის და კლიმატის ცვლილებებს მაქსიმალური ეფექტურობით ვუპასუხოთ, "- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში ასევე აქცენტი გააკეთა მდგრადი, მწვანე და კლიმატისადმი მეგობრულ განვითარებაზე, ენერგო დამოუკიდებლობისა და განახლებადი ენერგიის პოტენციალის ეფექტიანი გამოყენების საკითხებზე. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს მთელი რიგი რეფორმები, რომლებიც ასევე მოიცავს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის მარეგულირებელ ჩარჩოსთან.
სამშენებლო სექტორში მაღალი სტანდარტების დანერგვა და ტრანსპორტის დარგის გარემოსადმი მეგობრული პრინციპების დაცვით განვითარება - სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებია, რომლებზეც ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა. მისი განცხადებით, ტრანსპორტი ჩვენი ეკონომიკის მზარდი ნაწილია და მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისა და კერძო ტრანსპორტის სწორად მართვის მიზნით ცენტრალური ხელისუფლება მჭიდროდ თანამშრომლობს მუნიციპალიტეტებთან. ასევე მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის კუთხით.
„კანონი 2025 წლიდან ამოქმედდება და ჩვენ მივიღებთ მგზავრთა უსაფრთხოდ და ხარისხიანად გადაყვანის შესაძლებლობებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ეხება საავტომობილო ტრანსპორტს, თუმცა, ინტენსიურად ვმუშაობთ რკინიგზის სამგზავრო გადაყვანების განვითარებაზეც. გამოწვევების დაძლევას კერძო სექტორთან ერთად, ერთობლივად შევძლებთ, რათა მივიღოთ უფრო ეკოლოგიური, სუფთა და მდგრადი გარემო", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.