გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართუ“: ჩვენ მზად ვართ თითოეული გადარიცხვის შესახებ ზუსტი ინფორმაცია გამოვაქვეყნოთ 

22-11-2018

ბანკი „ქართუ“ ზაზა ოქუაშვილსა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს მოუწოდებს, რომ ბანკი „ქართუს“ მიმართ დეზინფორმაციის გავრცელებისაგან თავი შეიკავონ.

 

„ქართუს“ განცხადებით, თუ „ომეგა“ ჯგუფი საჯაროდ განაცხადებს თანხმობას, მაშინ ბანკი „ქართუ“ თითოეული გადარიცხვის შესახებ ზუსტ ინფორმაციას გამოაქვეყნებს.

 

„გვსურს გამოვეხმაუროთ “რუსთავი2”-ის და ზაზა ოქუაშვილის მიერ  გავრცელებულ  მორიგ ცრუ ინფორმაციას „ქართუ“ ბანკთან დაკავშირებით.

 

"ომეგა“ ჯგუფი „ქართუს“ მნიშვნელოვანი მსესხებელი იმ პერიოდიდან გახდა, როცა წინა ხელისუფლებამ „ომეგა ჯგუფი“ დაარბია და ტელეკომპანია “იბერია” დახურა. ბანკი „ქართუ“ ერთადერთი საფინანსო ორგანიზაცია აღმოჩნდა, რომელიც „ომეგა ჯგუფს“ გვერდით დაუდგა  და  სოლიდური კრედიტი მისცა.

 

რაც შეეხება ზაზა ოქუაშვილის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, საუბარია სესხზე, რომელიც „ომეგა“ ჯგუფმა  „ქართუ” ბანკისგან სათანადო ქონების უზრუნველყოფით წლების წინ აიღო, როდესაც „ომეგა“ ჯგუფს მრავალმილიონიანი დავალიანება წარმოექმნა თავის ერთ-ერთ კონტრაქტორთან. ვინაიდან „ომეგა“ სესხს გრაფიკის შესაბამისად ემსახურებოდა, სრულიად სტანდარტულად, მას არსებული საკრედიტო ლიმიტის და უზრუნველყოფის ფარგლებში მიეცა თანხა.

 

გარდა ამისა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ „ომეგა“ ჯგუფის მენეჯერებმა თანხის მოთხოვნით „ქართუს“ რამდენიმე თვის წინ მიმართეს და ბანკისგან გარანტია მიიღეს, რომ ინკასოს მოხსნის შემთხვევაში, თანხას მისცემდნენ, ვინაიდან ბანკი პირველ რიგში დაინტერესებულია კლიენტი იყოს გადამხდელუნარიანი და უზრუნველყოფაში არსებული აქტივების რეალიზაცია არ მოუწიოს.

 

ასევე, გვსურს საჯაროდ მივმართოთ ომეგა ჯგუფის მენეჯმენტს! მიუხედავად მათგან გავრცელებული დეზინფორმაციისა,  ჩვენ ვიცავთ ყველა კლიენტის, მათ შორის „ომეგა“ ჯგუფის კონფიდენციალურობას და არ ვავრცელებთ ინფორმაციას კონკრეტული თარიღების და ფინანსური ოპერაციების შესახებ. თუმცა, თუ ისინი საჯაროდ განაცხადებენ თანხმობას ამ ინფორმაცის გასაჯაროების შესახებ, ჩვენ მზად ვართ თითოეული გადარიცხვის შესახებ გამოვაქვეყნოთ ზუსტი ინფორმაცია.

 

მოვუწოდებთ ზაზა ოქუაშვილს და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ ბანკი „ქართუს“ მიმართ დეზინფორმაციის გავრცელებისაგან და ნუ შეეცდებიან ბანკის სახელი და კანონიერი ქმედებები პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენონ,“ - განაცხადა „ქართუმ“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031