16-01-2019
დიდ დღომში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აფეთქება კორპუსის მე-6 სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
სამი ადამიანის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე.
„როგორც ჩვენთვის ცნობილია, აფეთქება გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. ამ ეტაპზე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდაცვლილია სამი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. კორპუსი მთლიანად ევაკუირებულია. მუშაობს სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია", - განაცხადა კუპატაძემ.
აფეთქების შედეგად დაზიანებულია კორპუსის რამდენიმე სართული. დაზიანდა ლიფტისა შახტაც.
ადგილზე ამ დრომდე სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.