22-01-2019
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს შეხვდა.
როგორც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, სტუდენტები საქართველოს საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ხედვით დაინტერესდნენ და სალომე ზურაბიშვილს იმ პრობლემების შესახებ ესაუბრნენ, რომლებიც მათ ბელგიაში სწავლისა და ცხოვრებისას ექმნებათ.
როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, მათთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, როგორ ხედავს საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდობის როლსა და მისიას ქვეყნის ფარგლებს გარეთ - საქართველოს პოპულარიზაციის მიმართულებით და ასევე, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ქვეყნის განვითარების საქმეში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ნატო-ს გენერალურ მდივანთან და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან, ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ანტონიო ტაიანისთან. საგარეო საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართება ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან და ევროკომისართან, მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსთან.