25-01-2019
ბრიტანულ პრესაში სულ უფრო მეტი მასალები ქვეყნდება მკვლელის - ჯეკ შეპარდის კავკასიურ-ქართული ოდისეის შესახებ.
„დიდი ბრიტანეთიდან გაქცევის შემდეგ ჯეკ შეპარდი, საქართველოში ყოფნისას დროს მშვენივრად ატარებდა, მაგალითად, გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე. ისწავლა თხილამურებით სრიალი... დროს მაქსიმალურად იყენებდა“, - ნათქვამია გაზეთ Daily Mail-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ინდერ ბერნსისა და არტურ მარტინის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
„იმ დროს, როცა ჯეკ შეპარდის მსხვერპლის - შარლოტა ბრაუნის ოჯახი სამართლიანობის აღდგენას ელოდა, თვითონ მკვლელი ქალებს არ იკლებდა. შარლოტას სიკვდილამდე ორი თვის ადრე, 2015 წლის დეკემბერში, მან ცოლი შეირთო, თუმცა, როცა მეუღლემ შეიტყო, რომ ქმარი სხვა ქალთან (ანუ მის ბრაუნთან) ღალატობდა, ცოლმა ჯეკი სახლიდან გააგდო. 2018 წლის მარტში იგი საქართველოში ჩავიდა, თბილისში და ბინა ბაგებში დაიქირავა, მრავალსართულიან სახლში.
ჯე შეპარდი ორჯერ იქნა შემჩნეული ქერათმიან ინგლისელ ქალებთან ერთად, ბაგებში მდებარე რესტორანში. ოფიციანტი, რომელიც მათ ემსახურებოდა, ამბობს, რომ ისინი ცალკე კაბინაში იყვნენ და ინგლისურად ლაპარაკობდნენო.
ჯეკ შეპარდი საერთოდ, ამ რესტორანში საკმაოდ ხშირად დადიოდა და ქართულ ლუდს სვამდა. „ჩვეულებრივად, იგი კვირაში ერთხელ მარტო მოდიოდა ხოლმე, თუმცა ორჯერ ქალთან ერთადაც იყო. იგი ქართულ კერძებს მიირთმევდა და ერთ საათს რჩებოდა ხოლმე“, - იხსენებს ოფიციანტი.
ბარმენ მიხეილ გაბრიჩიძის თქმით, ჯეკი ყოველთვის ჩამოსახმელ ლუდს სვამდა:
„მოდიოდა, აიღებდა ლუდს, დაჯდებოდა ფანჯარასთან, კუთხეში, სვამდა და ფიქრობდა“.
ერთ-ერთი თვითმხილველიც იხსენებს, რომ ჯეკს ლუდის სმა ქაბაბთან ერთად უყვარდაო.
როგორც ირკვევა, სანამ საქართველოში გაიქცეოდა, ჯეკ შეპარდმა 50 ათასი ფუნტი სტერლინგი კრედიტის სახით აიღო, თბილისში ყოფნისას კი მაღაზია H&M-ში საქონელი შეიძინა. როგორც თანამშრომლები ამბობენ, იქ იგი სამი კვირის წინ ყოფილა. ჯეკ შეპარდი პოპულარულ ღამის კლუბებშიც დადიოდა. ერთ-ერთი მისი საყვარელი კლუბი ყოფილა „ბასიანი“, სკანდალური ტექნო-კლუბი, სადაც თავიდან ბოლომდე ლატექსით „შემოსილი“ ახალგაზრდები დადიან. როგორც ამბობენ, ჯეკი „ფაბრიკაშიც“ ხშირი სტუმარი ყოფილა, რომელიც უცხოელი ტურისტებისთვის საყვარელი ადგილია და სადაც ბევრი კაფე-ბარი და იოგას სტუდიებია.
მას აქვს შანსი პატიმრობა საქართველოში გაატაროს, მაგრამ, ალბათ, იგი უარს იტყვის, რადგან ქართულ საპყრობილეს ცუდი სახელი ჰქონდა გავარდნილი, რეპუტაცია არ უვარგოდა - იქ დამამცირებელი პირობები არსებობდა, პატიმრებს სცემდნენ, აწამებდნენ და მსჯავრდებულებითაა გადატვირთული.
როგორც 2013 წლის გამოკვლევით გახდა ცნობილი, პატიმართა 75% ამტკიცებდა, რომ ციხეებში მათ ფიზიკურად აწამებდნენ. ჰქონდათ ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საპყრობილეებში სიტუაცია გაუმჯობესდა.
როგორ იურიდიული ფირმა Peters & Petersის წარმომადგენელი ნიკ ვამოსი - წარსულში სამეფო პროკურატურის ექსტრდიციის სამსახურის უფროსი ამბობს, ჯეკ შეპარდი საქართველოში არ დარჩება: „მე სრულიად ვარ დარწმუნებული, რომ ქართულ ციხეებში პირობები მაინც შეუფერებელი იქნება. ფაქტიურად, სწორედ ამის გამო ვამბობდით უარს წლების წინ საქართველოში იმ მოქალაქეების ექსტრადირებაზე, რომლებსაც [ბრიტანეთში] ვაკავებდით. ჩვენ ვთვლიდით, რომ ქართულ საპყრობილეებში ადამიანის უფლებები ირღვეოდა“.