29-01-2019
„მიმდინარე წელს დედაქალაქში ერთი ხიდის რეაბილიტაცია და ასევე, ერთი ახალი ხიდის მშენებლობა იგეგმება“-ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის (ბაგები) დამაკავშირებელი ხიდის პროექტის განხორციელება დაიწყება, რომლის მშენებლობაც მომავალ წელს დასრულდება.
,,ეს არის ორწლიანი პროექტი. 2019-ში დავიწყებთ და 2020-ში დასრულდება. ყველამ იცის მაღლივის წითელი საფეხმავლო ხიდი, რომლის რეაბილიტაციაც განვახორციელეთ, აღნიშნული პროექტი კი ამ ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება. ეს იქნება საავტომობილო ხიდი, რომელიც ბაგებიდან საბურთალოს მიმართულებას განტვირთავს. საავტომობილო ხიდი საფეხმავლო ხიდთან თანხვედრაში იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარე წელს გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეაბილიტაციაც იგეგმება.
„ჩვენ ამას რეაბილიტაციას ვეძახით, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ახალი ხიდების მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის განხორციელება ოთხი მილიონი ლარი დაჯდება. სამუშაოები გასულ წელს დავიწყეთ და 2019 წელს უკვე მთლიანად დასრულებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
წარმოდგენილი პროექტების გარდა, რამდენიმე დღის წინ დაიწყო ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციაც, რომელიც დაახლოებით 5 თვეს გასტანს.