გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქში საფეხმავლო ხიდების ნაცვლად, ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელების მოწყობა იგეგმება

30-01-2019

მიმდინარე წელს თბილისში არსებული საფეხმავლო ხიდებიდან ნაწილის დემონტაჟი და მათ ნაცვლად, შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელების მოწყობა იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, დღესდღეობით, ფეხით მოსიარულეთათვის საფეხმავლო ხიდებით სარგებლობა არაკომფორტული და არაპრაქტიკულია.


„როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვახორციელებთ, ქვეითებისთვის განსაზღვრულ ადგილებს, მათ მოწესრიგებას, ასევე, „ზებრა გადასასვლელებს“ დიდი ყურადღება ეთმობა. სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში, არსებული საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი მოგვიწევს, რომელიც საკმაოდ მოუხერხებელია, შშმ პირებისთვის არ არის ადაპტირებული და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ჩემი თხოვნაა, რომ მსგავსი ხიდების დემონტაჟი ყველა იმ ლოკაციაზე განვახორციელოთ, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისის მერმა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელებს დაავალა, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა დაიწყონ.


„ყველგან, სადაც სამუშაოებს ვახორციელებთ, მაქსიმალური ყურადღება ეთმობა ქვეითთა უსაფრთხოებას და კომფორტს. ამიტომ, მინდა, დავავალო ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელებს, ერთობლივად დაიწყოს ამ ხიდების დემონტაჟი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.


თბილისის მერიის მიერ დეკლარირებული პრიორიტეტების შესაბამისად, დედაქალაქის ქუჩები ქვეითთათვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ველოსიპედისტებისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930