4-02-2019
ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ზურაბ სოლომნიშვილის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სოლონიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა, დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
„დღეს შევიტანეთ სააპელაციო საჩივარი. მოსამართლის გადაწყვეტილება მიმაჩნია, რომ დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რაც ჩვენს მიერ გასაჩივრებულია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე რეალურად არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, მაინც პატიმრობა შეეფარდა.
7 ბრალდებულიდან 6-ს გირაო შეეფარდა, მხოლოდ ჩემი ბრალდებულის მიმართ იქნა გამოყენებული დაპატიმრება, რაც სრულიად გაუგებარი პოზიციაა სასამართლოს მხრიდან, რადგან ყველა პირს ერთი და იგივე ბრალდება ჰქონდა, ერთი და იგივე საქმის მასალები იყო ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში და რატომ გამოარჩია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ეს გაუგებრია.
პატიმრობის ძირითადი მიზეზი ეს იყო, რომ თითქოს, მან „იუთუბზე“ ვიდეო ატვირთა, მაგრამ გავრცელება „იუთუბზე“ იქნება, „ფეისბუქზე“ თუ სხვა ინტერნეტსაშუალებით, ამას სისხლის სამართლის კოდექსისთვის მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა ადვოკატმა.