4-02-2019
იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილია წარდგენილი. მის კანდიდატურას მხარი ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა არ დაუჭირეს. დეპუტატი კოლეგათა ამ არჩევანს არ განიხილავს, მხარდამჭერებს კი ნდობისთვის მადლობას უხდის.
„ფასეულობები იყო ნამდვილად ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც ჩვენ მხარი დავუჭირეთ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურის წარდგენის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ანრი ოხანაშვილის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენის გადაწყვეტილება დიდი უმრავლესობით, ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე იქნა მიღებული.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კანდიდატურას მხარი რამდენიმე დეპუტატმა არ დაუჭირა, რაც მისივე შეფასებით, „პერსონალური მომენტი“ იყო.
„ძალიან დიდი მადლობა გუნდს ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის, ვინაიდან გადაწყვეტილება მიიღო უმრავლესობამ, რომელსაც ბევრ სხვა საკითხთან ერთად საფუძვლად დაედო ის ღირებულებები, რომელიც გააჩნია „ქართულ ოცნებას“. ნებისმიერი სხვა ჩემი კოლეგის დამოკიდებულება არის პირადი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, ეს არის მათი არჩევანი. სხვა დანარჩენი კომენტარი, გუნდის წევრებთან დაკავშირებით, საჯაროდ არ მიმაჩნია რელევანტური“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.