4-02-2019
როგორც რუსული გამოცემის, «КоммерсантЪ»-ისთვის გახდა ცნობილი, მოსკოვმა და თბილისმა დაასრულეს ის პროცედურები, რომლებიც აუცილებელია 2011 წლის 9 ნოემბერს ჟენევაში (შვეიცარია) ხელმოწერილი შეთანხმების - „საბაჟო ადმინისტრირების მექანიზმისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების შესახებ“ - პრაქტიკული რეალიზებისათვის.
ამის შესახებ რუსული გამოცემა ვლადიმერ სოლოვიოვისა და ელენა ჩერნენკოს ავტორობით სტატიას აქვეყნებს, რომლის ქართულენოვან, მცირედ სემოკლებულ ვე3რსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
როგორც ცნობილია, ამ ორმხრივი შეთანხმების მიხედვით, დაშვებულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიით სარგებლობა ვაჭრობისა და საქონლის ტრანზიტის მიზნით, თუმცა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ იმ რესპუბლიკებზე, რომლებიც რუსეთმა დამოუკიდებლად აღიარა, მაგრამ საქართველო ოკუპირებულად თვლის, ტვირთები მართლაც გაივლის.
შეთანხმება დაიდო რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანების პროცესში. ეს იყო პაკეტში შემავალი ერთ-ერთი დოკუმენტი. რუსეთი მსო-ს წევრი 2012 წელს გახდა, მაგრამ საქართველოსთან გაფორმებული შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის სამი სავაჭრო დერეფნის შექმნას ითვალისწინებდა (მათგან ორი აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე გადის), იმ ხანებში არ ამუშავებულა. მოსკოვსა და თბილისს შვიდი წელი დაჭირდათ დოკუმენტის რეალიზებისათვის. ამჟამად კი, როგორც «КоммерсантЪ»-ს ოფიციალურმა წყარომ დაუიდასტურა, ყველა ფორმალური საკითხი გადაწყვეტილია და მექანიზმი მზადაა გასაშვებად, ანუ ვაჭრობის დაწყებას ხელს აღარაფერი არ უშლის: კონტრაქტები შვეიცარიულ კომპანიასთან - SGS-სთან (Societe Generale de Surveillance) ხელმოწერილია, დეტალები დაზუსტებულია, კომპანიის თანამშრომლები, 2011 წლის 99 ნოემბრის შეთანხმებაში მოცემული კოორდინატების მიხედვით, უნდა მოემსახურონ ტერმინალებს, განლაგებულს ა) ადლერში და მდინარე ენგურის სამხრეთით, ბ) ალაგირში და გორის გარეუბანში, ბ) ვლადიკავკაზში და და ყაზბეგის რაიონში, საქართველოს სამხედრო გზაზე.
ფული SGS-ის თანამშრომლების მუშაობისათვის უკვე გადახდილია: რუსეთმა თნხა გადარიცხა 2018 წლის ივნისში, საქართველომ - ნოემბერში. თანხის რაოდენობა, კონტრაქტის მიხედვით, არ მჟღავნდება, მაგრამ როგორც «КоммерсантЪ»-მა გაარკვია, რუსეთიც და და საქართველოც SGS-სთვის წელიწადში 5-5 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს იხდან.
მონიტორინგის დაწყების საბოლოო თარიღს მხარეები ერთობლივი კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტენ, რომელიც პირველად იკრიბება შვეიცარიაში ექვს თებერვალს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ «КоммерсантЪ»-ს დაუდასტურა, რომ მზადება შეთანხმების იმპლემენტაციისათვის მართლაც დასრულებულია: „საკმაოდ დიდი დრო გახდა საჭირო, რაც პროექტის არაორდინარულობამ განაპირობა. ასეთი პრეცედენტი არსად არაა და ყველაფერის რეალიზება პირველად ხდება“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ. მისი თქმით, საქართველოს იმედი აქვს, რომ დოკუმენტის შესრულება დაიწყება.
სხვათა შორის, შეთანხმების ამოქმედებით კიდევ ერთი ქვეყანაა დაინტერესებული - სომხეთი, რომლისთვისაც სამხრეთ ოსეთზე გამავალი სატრანსპორტო-სავაჭრო დერეფანი საქართველოს სამხედრო გზის ალტერნატივად ითვლება. როგორც ცნობილია, სამხედრო გზა ზამთრის პერიოდში, კლიმატისა და რელიეფის გამო, ხშირად ბლოკირებულია, რაც ხელს უშლის სომხური ტვირთების გადატანას რუსეთში და პირიქით.
სომხეთისათვის სატრანზიტოდ კიდევ ერთი გზა არსებობს - კომბინირებული მარშრუტი, რომელიც საბორნე გადაზიდვას ითვალისწინებს - ქართული ფოთიდან რუსულ კავკაზამდე. ამის მიუხედავად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თვლიან, რომ [აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე გამავალი] ორი მარშრუტი დატვირთული იქნება. მაგრამ ეს გეგმები მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ საქართველო დათანხმდება ტვირთების გადატანას სოხუმისა და ცხინვალისაკენ. „შეთანხმება მხარეებს დერეფნების ავტომატურად გახსნას არ ავალდებულებს. მასში მხოლოდ მონიტორინგის მექანიზმის შესრულების ვალდებულებაა“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პოზიციის მიხედვით, შეთანხმება მთლიანად უნდა შესრულდეს: „ჩვენ ვიმოქმედებთ დოკუმენტის პირობების მკაცრი დაცვით“. ეს ნიშნავს, რომ სრულიად სავარაუდოა ისეთი სიტუაცია წარმოიქმნას, როცა SGS-ის თანამშრომლები მარტის თვიდან შესაბამის პუნქტებში მუშაობას შეუდგებიან, მაგრამ ტვირთების მოძრაობა არ დაიწყება. მით უმეტეს, რომ 2011 წლის შეთანხმების ინტერპრეტირებას რუსი და ქართველი მხარეები სხვადასხვანაირად ახდენენ: მოსკოვი გამოდის იქიდან, რომ დოკუმენტის მიხედვით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრები უკვე საბაჟო საზღვრების სტატუსი ექნებათ (რუსეთმა აღიარა მათი დამოუკიდებლობა), საქართველო კი თვლის, რომ ორივე რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
„შეთანხმებაში საერთოდ არაა ნახსენები რუსეთ-საქართველოს ვაჭრობა. ისიც კი არაა მინიშნებული, თუ ვინ ვისთან ვაჭრობს. რუსული ხედვით, ეს ვაჭრობა სამი ტიპის იქნება: პირველი - რუსეთ-საქართველოს შორის, მეორე - რუსეთ-აფხაზეთ/სამხრეთ ოსეთს შორის და მესამე - აფხაზეთ-საქართველოსა და სამხრეთ ოსეთ-საქართველოს შორის. თავისი არსით, შეთანხმება აიძულებს საქართველოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ საბაჟო ტერიტორიებად აღიაროს“, - აცხადებს «КоммерсантЪ»-თან საუბარში რუსი ჩინოვნიკი. მისი თქმით, შეთანხმების მთავარი აზრი იმაშია, რომ 2008 წლის შემდეგ „საქართველოს ახალი საბაჟო საზღვრები მოიხაზა“.
ქართული მხარე კი კატეგორიულად წინააღმდეგია, რომ შეთანხმების პირობები ასე იქნას გაგებული: საკითხის ამგვარად დასმა პრინციპულად არასწორია. ეს იმას ნიშნავს, რომ საკითხი უკვე წინასწარ ჩიხში შევა. ჩვენ არ შევდივართ პოლიტიკურ დებატებში და ყველანაირად გვერდს ვუვლით მწვავე და ბასრ კუთხეებს, რადგან გვესმის და ვაცნობიერებთ - დოკუმენტის ფასი სწორედ მის ნეიტრალურ სტატუსშია. თუ ახლა საკითხების დასმას დავიწყებთ, ეს პოლიტიკურად მოუქნელი ნაბიჯი იქნება და საეჭვოა ასე მიზანს მივაღწიოთ“, - ხაზს უსვამს ზურაბ აბაშიძე.
თბილისისთვის ეს თემა იმდენად მგრძნობიარეა, რომ რაღაც მომენტში საქართველოს წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ შეთანხმების იმ ვერსიაში, რომელიც ქართულ ენაზე იყო გადათარგმნილი, არ ყოფილიყო ნახსენები ტერმინი „საბაჟო“: „ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ქართულ ენაზე ასეთი სიტყვა არ არსებობსო. მოვიყვანეთ სპეციალისტი და მან ეს სიტყვა გვაჩვენა. ქართველებს აღიარება მოუწიათ, მაგრამ განაცხადეს, რომ ამ ტერმინს არ ვიყენებთო. მაშინ ჩვენ ვაჩვენეთ მათ მიერ სხვა ქგვეყნებთან დადებული შეთანხმებები, რომლებშიც ჩაწერილი იყო სიტყვა „საბაჟო“. დავაც დასრულდა“, - იხსენებს «КоммерсантЪ»-თან საუბარში მოლაპარაკების ერთ-ერთი მონაწილე. მისი თქმით, საქართველო ასევე ცდილობდა SGS-თან კონტრაქტში ისეთი წინადადება ჩაეწერა, რომლის მიხედვით, შვეიცარიული კომპანია მუშაობის დროს იხელმძღვანელებდა საქართველოს კანონით „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. მასში აფხაზეთი მოხსენიებულია აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკად, სამხრეთ ოსეთი კი - ცხინვალის რეგიონად. რუსეთი საპასუხოდ დაიმუქრა, რომ SGS-თან კონტრაქტში გათვალისწინებული ყოფილიყო პრეზიდენტ დ.მედვედევის ბრძანებულება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარების თაობაზე. საბოლოო ჯამში, კონტრაქტებში არსად არ არის მოხსენიებული მხარეთა სამართლებრივი აქტები.
წყარო: newspress.ge