5-02-2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა. ბესელიას თქმით, თანაგუნდელებთან თითის დაქნევითა და დატუქსვის ენით საუბარი არასწორია.
„რაღა დროს გარიცხვებზე საუბარი? მე მგონია, რომ დღეს ქვეყანაში სხვა პოლიტიკური პროცესებია, სხვა ეტაპზე გადავედით. ცოტა გაიზარდა საზოგადოება. არ მგონია, რომ მმართველ პარტიაში ვინმე ასეთი კატეგორიებით უნდა საუბრობდეს, თითს გვიქნევდეს და გვტუქსავდეს. ჩვენ ვართ ზრდასრული ადამიანები და ვგავართ ახლა იმ ადამიანებს, რომელთაც ვინმემ თითი უნდა დაუქნიოს და დატუქსოს? ყველას მინდა ვუთხრა, გამოვიდნენ მშობლის როლიდან და ზრდასრული ადამიანის როლიდან გვესაუბრონ.
უკაცრავად, მაგრამ მე დავხვდი იმ ხალხს ვინც მოვიდა და არ ვარ სტუმარი. როცა სტუმარი მასპინძელს ეუბნება, მიბრძანდიო, - მგონი, რაღაც ანომალიასთან გვაქვს საქმე“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
„ვისაც გუნდის დატოვების სურვილი აქვს, კარი ღიაა, შეუძლიათ გუნდი დატოვონ, - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა.