გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის მერია შპს „ტაოსთან“ ხელშეკრულებას წყვეტს

6-02-2019

თბილისის მერია შპს „ტაოსთან“, რომელიც გლდანის მე-6 მიკრორაიონში, მეშვიდე და მეოცე კორპუსებს შორის არსებულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებდა, ხელშეკრულებას წყვეტს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, შპს „ტაოს“ სკვერის მოწყობის სამუშაოები ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში უნდა დაესრულებინა.


„ჩვენთვის სკვერების, პარკების მოწესრიგება, არსებულის რეაბილიტაცია, ახალი საქალაქო პარკების შექმნა და მშენებლობა მნიშვნელოვანია. გამგეობები სკვერების მოწყობასა და მოწესრიგებაზე აქტიურად მუშაობენ. ერთ-ერთი ასეთი პროექტი იყო გლდანის მეექვსე მიკრორაიონში სკვერის მშენებლობა, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ყველა ასეთი პროექტის დროს, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, გვყავს ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანიები. რა თქმა უნდა, ბევრი კომპანია პასუხისმგებლიანია, იქცევა კეთილსინდისიერად, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენენ, პრობლემებს უქმნიან ქალაქს და მის განვითარებას. აღნიშნულმა კომპანიამ სკვერის მოწყობის სამუშაოები გასული წლის ნოემბრისთვის ვერ დაასრულა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გამოვლენილი ხარვეზების გამო, მუნიციპალურმა ინსპექციამ სკვერში მთელი რიგი სამუშაოები შეაჩერა.


„ეს ყველაფერი მხოლოდ გლდანისა და იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ხომ არ კეთდება?! მნიშვნელოვანია, ქალაქში შეიქმნას მწვანე სივრცეები, რომელშიც ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს გაკეთებული საქმის ხვალ და ზეგ გაკეთება არ მოგვიწიოს. ამ ყველაფერში ჩვენი მოქალაქეებისგან შემოსული თანხები იხარჯება. ამიტომ, ჩვენთვის ეს დამოკიდებულება და მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. პირდაპირ ვამბობ - ასეთი კომპანიები დედაქალაქის მთავრობასთან ვერ ითანამშრომლებენ. ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა პირველ რიგში, თბილისის მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დაავალა, აღნიშნულ კომპანიასთან კანონით გათვალისწინებული პროცედურები გატარდეს.


„ირაკლი ბენდელიანს მინდა დავავალო, რომ ამ კომპანიასთან თანამშრომლობა შეწყდეს. მოქალაქეები სამუშაოების დასრულებას და განახლებულ სკვერს ელოდებიან. ყველა ვამაყობთ პროექტებით, რომელიც დღეს ქალაქში ხორციელდება და ნამდვილად გულდასაწყვეტია ეს ყველაფერი. კანონის ფარგლებში იმოქმედეთ, რათა დროულად მოხდეს იმ ხარვეზების გამოსწორება, რაც თვალში საცემია. ეს კომპანია ანალოგიურად მუშაობდა ბუშის ქუჩაზე. იქაც გადაამოწმეთ შესრულებული სამუშაოები. შესაბამისად, იმოქმედეთ კანონის ფარგლებში, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს პროექტების დასრულება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930