გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
UNESCO-მ კოლხური ტყეები შესაძლოა მსოფლიო ბუნებრივ მემკვიდრეობად გამოაცხადოს

7-02-2019

საქართველოში პირველად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობით, კოლხური ტყეები და წყალჭარბი ტერიტორიები UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარადგინეს.


დოკუმენტაციის შესაბამისად, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის საიტად წარდგენილია მტირალას, კოლხეთის, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, რომლებიც წარმოადგენს კავკასიის ეკო-რეგიონისა და შავი ზღვის აუზის უმნიშვნელოვანეს ნაწილს. კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები გამოირჩევა მისი უნიკალური ეკო-სისტემებითა და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით.


სამინისტროს ინფორმაციით, დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს დაცულ ტერიტორიების ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო მნიშვნელობის ბუნებრივი ობიექტების მართვის გამოცდილების გაზიარებას, ვიზიტორების დაინტერესებას და რაოდენობის ზრდას.


ინიციატივა 2017 წლიდან ხორციელდება გერმანიის მთავრობის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და მიხეილ ზუკოვის ფონდის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.


პროექტის ფარგლებში ჩატარდა საველე სამუშაოები. ადგილზე შეისწავლეს ტერიტორიების ბიომრავალფეროვნება, ჩატარდა სამუშაო შეხვედრები, რომელიც მიზნად ისახავდა ამ მიმართულებით არსებული პროგრესისა და სამომავლო გეგმების განხილვას. პროცესში ჩართულნი იყვნენ დაინტერესებული პირები, ადგილობრივი მოსახლეობა, ექსპერტები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031