გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ბატიაშვილი: მაღალი ხარისხის განათლება იწყება მეცნიერებით

7-02-2019

„მაღალი ხარისხის განათლება იწყება მეცნიერებით. ვფიქრობ, რომ ეს იყო დანაშაულებრივი პრაქტიკა, როდესაც მეცნიერებას არ აღიქვამდნენ პრიორიტეტად. რეფორმა იქნება მიმართული იმისკენ, რომ მაქსიმალურად დავაინტერესოთ ახალგაზრდები. ამ მიმართულებით წელს უკვე 32 მილიონი ლარი გამოყოფილი. რეფორმა გულისხმობს ერთიან ევროპულ სივრცეში ქართველი მეცნიერების ინტეგრაციას და თანამშრომლობას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ მეცნიერებს ჰქონდეთ წვდომა ევროპულ ინსტიტუციებთან,“ – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში განათლების რეფორმის წარდგენისას განაცხადა.


განათლების რეფორმის ფარგლებში მეცნიერების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი განისაზღვრა, კერძოდ: ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის სისტემასთან მეტი ინტეგრაცია, მეცნიერების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა, მეცნიერების დაფინანსების მოქნილი და ეფექტური სქემების შემუშავება, მეცნიერებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ინიცირება და განვითარების ხელშეწყობა, სამეცნიერო კვლევების შედეგების კომერციალიზაცია. 


როგორც ცნობილია, საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად 2019 წელს ფონდი ევროკომისიის ინიციატივაში EURAXESS საქართველოს გაწევრიანებას გეგმავს. ამ მიზნით შეიქმნება EURAXESS-Georgia პორტალი, რომელიც EURAXESS-ის პანევროპულ პორტალთან ინტეგრირდება. პორტალში ამჟამად 40-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. მინისტრის თქმით, EURAXESS-ში ჩართვა ქართველ მკვლევრებს კარიერულ ზრდაში, ხოლო საქართველოს, უცხოელი სტუდენტების მოიზიდვაში შეუწყობს ხელს.


„სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით, მეცნიერების მენეჯმენტში ევროპული კვლევების საბჭოს - ERC - სტანდარტები, ბლოკჩეინი და 3D ტექნოლოგიები დაინერგება. ასევე, გაძლიერდება უცხოელი ექსპერტების როლი კვლევების შედეგების შეფასების პროცესში. სახელმწიფო სრულად დააფინანსებს საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომას“- განაცხადა ბატიაშვილმა.
მინისტრის თქმით, დაგეგმილია რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის „საქართველოს მეცნიერების“ (Georgian Science) გამოცემა, რომლის რედკოლეგიის წევრები ქართველებთან ერთად უცხოელი მეცნიერებიც იქნებიან. ჟურნალი საქართველოს სამეცნიერო პროდუქტის საერთაშორისო სამცნიერო სივრცეში გატანას უზრუნველყოფს. 


ბატიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის მიზნით სახელობითი სტიპენდიების დაწესება და კვლევითი ვიზიტების დაფინანსების გაზრდაა დაგეგმილი (ERC, DAAD, ფრანგული ინსტიტუტი და სხვა).


მინისტრი იმედოვნებს, რომ კონკურსები მოზარდთა და მოსწავლეების  მონაწილეობით გაიზრდება. მათი ბენეფიციარები კი სკოლის მოსწავლეებთან ერთად სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელებიც იქნებიან. 


განათლების რეფორმა გულისხმობს ინტერდისციპლინური მიდგომებს განათლების ყველა მიმართულებას შორის, მათ შორის, მოსწავლეების ჩართვას სამეცნიერო პროექტებში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031