გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობა განცხადებას ავრცელებს

9-02-2019

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„ამერიკის შეერთებული შტატები თანმიმდევრუალად ახორციელებს საქართველოს მხარდაჭერას საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, რაც ძალიან დიდი სტიმულია საქართველოსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობისთვის. აშშ-ის კონგრესს წარედგინა სირიის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია. რეზოლუციაში ხაზგასმულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ოკუპირებას.


საგულისხმოა, რომ პირველი ჩანაწერი აშშ-ის საკანონმდებლო აქტში 2017 წელს დაფიქსირდა, რამაც დაამტკიცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს ტერირტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. ეს იყო პირველი უპრეცედნტო შემთხვევა, როდესაც ამ კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებდა ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. ამ ჩანაწერმა, ერთი მხრივ სერიოზულ დარტყმა მიაყენა იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთი და სამაჩაბლო, მეორე მხრივ, იყო მკაფიო სიგნალი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ ამერიკა არ შეეგუებოდა საქართველოსთვის წართმეული რეგიონების აღიარებას. ახალი რეზოლუციის წარდგენა კონგრესში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერაა საქართველოსთვის, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში შეერთებული შტატებისგან ტრადიციად იქცა. მაშინ, როდესაც საქართველო საკუთარი ტერიტორიის 20% პროცენტს ვერ აკონტროლებს, ეს რეზოლუცია უაღრესად სასარგებლოა მისი პრესტიჟის ამაღლების, სამომავლო განვითარებისა და წინსვლისათვის. ამერიკის კონგრესისა და ევროკავშირის ქვეყნების მიერ წლების მანძილზე მიღებულმა მხარდამჭერმა რეზოლუციებმა, უდიდესი როლი შეასრულა არაღიარების პოლიტიკის განხორციელების საქმეში. ცხადი მაგალითია, ვანუატუ და ტუვალუ, რომელთაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარება უკან გამოიხმეს საქართველოსთან დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შემდეგ. როგორც ჩანს, არც ვენესუელა იქნება გამონაკლისი, რაზეც მეტყველებს ამერიკაში საქართველოს საგარეო მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის წარმომადგენელ კარლოს ალფრედო ვეკიოსთან. ვეკიომ განაცხადა, რომ როდესაც ახალი მთავრობა სრულ კონტროლს მოიპოვებს ქვეყანაში, გახსნიან ურთიერთობებს საქართველოსთან. მანვე განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს და აღიარებენ საქართველოს, როგორც ერთადერთ ქვეყანას, რომელსაც გააჩნია იურისდიქცია აღნიშნულ ტერიტორიებზე. არსებული სიტუაცია კი ვეკიოს აზრით, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ეს სიტყვები ყოველ ჩვენგანს ამხნევებს და ახალი იდეების განხორციელებისკენ უბიძგებს.


აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია ასევე, ხაზს უსვამს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ გაწეულ მნიშვნელოვან წვლილს და ევრაზიის კონტინენტზე მშვიდობის გავრცელებისა და დემოკრატიის უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს საიმედო პარტნიორობას. ნათქვამია ისიც, რომ ისინი გმობენ რუსეთის ფედერაციის ვასალი სახელმწიფოს – სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას. რეზოლუცია აშშ-ისა და მისი პარტნიორების მხრიდან რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ექსპანსიის აღკვეთის საჭიროებაზე ყურადღებას ამახვილებს და ამბობს, რომ რუსეთის ფედერაცია, დასავლეთისა და მისი მოკავშირეების ძალისხმევათა აღკვეთის მიზნით, გამოიყენებს არშემდგარ სახელმწიფოებს, როგორიც სირიის არაბული რესპუბლიკაა, რათა განახორციელოს მისი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი და მის (რუსეთის ფედერაციის) მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შესძინოს სანდოობა. აშშ და მისი პარტნიორები საჭიროა წინ აღუდგნენ რეგიონში რუსეთის ფედერაციის ექსპანსიას.


რეზოლუციის ტექსტი ადასტურებს, რომ რუსეთის არაერთი მცდელობის მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელობა ვერ გადალახავს არაღიარების პოლიტიკურ საზღვრებს, რაც მრავალწლიანმა მძლავრმა საერთაშორისო მხარდაჭერამ და ერთიანობამ განაპირობა. ცხადი ხდება, რომ არაღიარების პოლიტიკა რუსეთს ჩაუვარდა, რაც მსოფლიო თანამეგობრობის დაუღალავი მუშაობის შედეგია.


რეზოლუციის ფონი გვაძლევს საშუალებას კიდევ ერთხელ გავიმეოროთ მრავალჯერ ნათქვამი. საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად შეეცდება მშვიდობიანი გზებითა და მეთოდებით გააასმაგოს მუშაობა ოკუპირებული რეგიონების პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოებასთან, საბოლოო მიზნის განხორციელებისათვის. ნდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენის გზაზე, საერთო ენის გამონახვით, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ერთიანი საქართველოს ფარგლებში, მშვიდობიანი თანაცხოვრების გაგრძელება“-ნათქვამია განცხადებაში.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728