გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროგრამაზე 70 მილიონი დოლარი დაიხარჯება

19-02-2019

საქართველოს მთავრობა 70 მილიონი დოლარის ღირებულების შვიდწლიანი პროგრამის განხორციელებას იწყებს, რომლის მიზანსაც - კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფებისაგან მოსახლეობის დაცვა წარმოადგენს.


ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი პროგრამის განხორცილების შედეგად, საქართველოში შეიცვლება ეროვნული მიდგომები კლიმატის ცვლილებისა და მასთან დაკავშირებული საფრთხეების მიმართ.


„კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროგრამა სრულად ეხმიანება ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის კომპლექსურ გზებს გვთავაზობს. თუ ადრე ჩვენ უკვე მომხდარ კატასტროფებზე რეაგირება გვიწევდა, ახალი ინიციატივის განხორციელების შედეგად, გაიზრდება ქვეყნის ეროვნული შესაძლებლობები კლიმატური ინფორმაციის ანალიზისა და ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზის მიმართულებით, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით ასევე შეიქმნება ადრეული შეტყობინების თანამედროვე სისტემები, რაც საქართველოს 11 დიდი მდინარის აუზების 1.7 მილიონიან მოსახლეობას დაიცავს.


გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის ლუიზა ვინტონის განცხადებით, აღნიშნული პროგრამის განხორციელების შემდეგ, ექსტრემალური ამინდი ბუნებრივ კატასტროფაში აღარ გადაიზრდება.


„უკანასკნელ წლებში ძალიან გახშირდა ბუნებრივი კატასტროფების რიცხვი, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. ამ პროგრამით ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ნამდვილად შესაძლებელია ადამიანები უკეთესად იყვნენ დაცულნი იმ ცვლილებებისგან, რომელიც ახლა მიმდინარეობს და არაფერი არ არის გარდაუვალი, ყველაფრის დაბრუნება შესაძლებელია. შესაძლებელია ისეთი ზომების გატარება, რომელიც გაცილებით შეარბილებს ამ ნეგატიურ ეფექტებს,"- განაცხადა ლუიზა ვინტონმა.


შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პატრიკ ფრანცენმა კლიმატის ცვლილებების მიმართ ადაპტაციისა და მთის მდგრადი განვითარების საქმეში საქართველოსა და შვეიცარიის ერთობლივი ძალისხმევის შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა აღნიშნული პარტნიორობის მნიშვნელობას.


საქართველოს კლიმატის ცვლილებისადმი ფართომასშტაბიანი პროგრამის დაფინანსებაში გაერთიანებულია - კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) გრანტი (27 მილიონი აშშ დოლარი), საქართველოს მთავრობის წვლილი (38 მილიონი აშშ დოლარი) და შვეიცარიის მთავრობის გრანტი (5 მილიონი აშშ დოლარი). პროგრამა შესრულდება გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელშეწყობით.


პროგრამის უშუალო განმახორციელებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930