გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: თუ გინდათ, შვილებს ასწავლოთ რა არის ხელოვნება, შეგიძლიათ უთხრათ, რომ რეზო ესაძის მოღვაწეობას გაეცნონ

21-02-2019

რეზო ესაძის ფენომენი ჩემთვის ყველაზე მეტად მის პიროვნებაში აისახება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა რეზო ესაძის ვარსკვლავის გახსნაზე განაცხადა.


„შვილებს თუ გინდათ ასწავლოთ, რა არის ხელოვნება, შეგიძლიათ უთხრათ – ბატონი რეზო ესაძის მოღვაწეობას გაეცანით. ბატონი რეზოს შემოქმედებაში ხელოვნების ყველა ძირითადი დარგი აისახება. ბატონი რეზოს შემოქმედებაზე საუბარს არ ვაპირებ. ჩემთვის ბატონი რეზოს ფენომენი ყველაზე მეტად აისახება მის პიროვნებაში. ასეთი გულწრფელი ადამიანი ცხოვრებაში არ მინახავს, ასეთი ხალასი ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრია. როდესაც მივულოცე ბატონ რეზოს, ყურში ვეუბნებოდი, რომ იმის ოცნება მქონდა, ისე დავბერდებოდი, რომ საზოგადოება თქვენნარი ხალხით იქნებოდა ძირითადად ჭარბი. ეს ოცნება ეტყობა, ასე გამყვება. ეს დარდი ბატონ რეზოსაც გაუზიარე. თქვენც კარგად ხედავთ, რომ სამწუხაროდ, ცივილიზაციამ ამავდროულად საოცარი აგრესია მოიტანა. შეიძლება ითქვას, რომ 21-ე საუკუნე ყველაზე მეტად ამით გამოირჩეოდეს. ეს მძიმე სიტყვები, ამხელა ანტაგონიზმი ადამიანებს შორის ისტორიას არ ახსოვს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რეზო ესაძეს ვარსკვლავის გახსნა მიულოცა და განაცხადა, რომ რეზო ესაძე თავად არის ხელოვნების ნიმუში.

„ის არის ჩემთვის ადამიანობის ნიმუში, გულწრფელობისა და სიყვარულის ნიმუში. რა თქმა უნდა, მის ხელოვნებაში ის ყველგან ჩანს, მაგრამ თვითონ პიროვნება ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასია. ვუსურვებ საქართველოს საზოგადოებას, მოხდეს ისე, ჩვენ შვილებს, შვილიშვილებს, მათი თაობის ძირითადი ნაწილი სწორედ ასეთი ადამიანები ჰყოლოდეთ, როგორიც ბატონი რეზოა მისი ხასიათით. ადამიანის სულიერება თუ გვინდა და ვიბრძვით, ადამიანები ასეთები უნდა დაიბადონ. დიდხანს სიცოცხლე და სიყვარული ვუსურვოთ მას. როდესაც ბატონ რეზოს ხელოვნებაზე ვესაუბრებოდი, ასე მიპასუხა, რომ აწი გავაკეთებ რასაც გავაკეთებო“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.


რეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის, მხატვრისა და პოეტის, რეზო ესაძის ვარსკვლავი კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ გაიხსნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930