26-02-2019
ბრიტანული გამოცემის, «Daily Mail»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია საქართველოში მყოფი დიდი ბრიტანეთის მოქალაქის - ჯეკ შეპარდის სასამართლო პროცესის მიმდინარეობა, რომელიც სამშობლოში მის ექსტრადირებას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მარიო ლედვიტის ავტორობით მომზადებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
როგორც ცნობილია, ჯეკ შეპარდს, გაუფრთხილებელი მკვლელობის ჩადენის გამო (ლონდონში, მდ.ტემზაზე, 24 წლის ქალთან - შარლოტა ბრაუნთან ღამით გასეირნებისას, კატერი გადაბრუნდა და ქალი დაიხრჩო), დიდი ბრიტანეთის სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ მან მემოახერხა სასჯელის აღსრულებისაგან თავის დაღწევა და დამალვის მიზნით, გასული წლის მარტში საქართველოში ჩამოვიდა. რამდენიმე თვის წინ, სკოტლანდ-იარდის თხოვნით, ჯეკ შეპარდი საქართველოს პოლიციამ დააკავა, დადგა საკითხი დიდი ბრიტანეთისათვის მისი გადაცემის შესახებ. ამასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომებზე გამოიკვეთა აზრი, რომ ჯეკ შეპარდს ბრიტანულ საპყრობილეში ყოფნა არ სურს და ექსტრადირებაზე უარს აცხადებს - ეშინია, რომ თუ ინგლისში ჩაიყვანენ და მშობლიური ქვეყნის ციხეში ჩასვამენ, შარლოტა ბრაუნის მამამ გრემ ბრაუნმა, რომელიც ბრიტანეთის პენიტენციალურ სისტემაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და დღესაც გარკვეული გავლენით სარგებლობს, ვაითუ მასზე შური იძიოს. „ჩემი ოჯახი, ადვოკატები და ახლობლები ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არიან, მუქარის შეტყობინებებს ვიღებ და მეც ძალიან მეშინიაო“, - აცხადებს ჯეკ შეპარდი, თუმცა მისტერ ბრაუნმა მისი ნათქვამი უარყო და ცილისწამებად მიიჩნია.
როგორც სტატიაში აღნიშნული, გასულ თვეში ჯეკ შეპარდმა თქვა, რომ იგი მზადაა დარჩეს ქართულ საპყრობილეში, თუ სასამართლო ასე გადაწყვეტს. ამჟამად ბრიტანელი მოქალაქე გლდანის საპყრობილეშია და აცხადებს, რომ საკმაოდ კომფორტული პირობები აქვს: „კარგად მეპყრობიან და ამ მხრივ არაფერს არ ვუჩივი... საკანში საინტერესო ადამიანები გავიცანი, ბევრი დრო მაქვს წიგნების კითხვისათვის, ძირითადად ვეცნობი ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ ლიტერატურას. ახლა ჩიტების საკვებურას ვაკეთებ, რომელსაც საკნის ფანჯარაზე დავკიდებ“.
პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე ჯეკ შეპარდის ოჯახური ცხოვრების დეტალებზე, მის მიერ ჩადენილი გაუფრთხილებელი მკვლელობაზე, ქალებთან ურთიერთობებზე და ა.შ.
-----------
ჯეკ შეპარდთან დაკავშირებით ბოლო დღეებში ბრიტანულ პრესაში სხვა სტატიებიც გამოქვეყნდა: გაზეთ «The Times»-ში სათაურით „ჯეკ შეპარდს „საინტერესო“ თანასაკნელები ჰყავს“ (ავტორი - ჯონ სიმპსონი, წყარო: https://www.thetimes.co.uk/article/jack-shepherd-speedboat-killer-boasts-of-interesting-cellmates-txchm2q07), გაზეთ «The Sun»-ში - „მეშინია“, - აცხადებს ქართულ საპყრობილეში ჩამწყვდეული ჯეკ შეპარდი“ (ავტორი - მოლი როუზ-პაიკი, წყარო: https://www.thesun.co.uk/news/8474845/speedboat-killer-jack-shepherd-death-threats-jail) და სხვა.