გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არსებული ინფორმაციით, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერებს შორის გარკვეული უთანხმოება მოხდა

26-02-2019

პარლამენტის შენობის წინ განთავსებულ კარვებში ზაზა სარალიძის მხარდამჭერთა ნაწილი აღარ იმყოფება. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერებს შორის მომხდარი გარკვეული უთანხმოებაა.


აღნიშნულთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, გიორგი მათიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც კომენტარის გაკეთება არ ისურვა. აღნიშნულზე საუბრისგან თავი შეიკავა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძემაც, თუმცა მისი მხარდამჭერების კარვებიდან წამოსვლის ფაქტი არ უარყო.


შეკითხვაზე, თუ რატომ აღარ ჩანს პარლამენტის წინ აქციაზე თავად ზაზა სარალიძე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი, მოზარდებს შორის დაპირისპირებისას მოკლული დავით სარალიძის მამა აღნიშნულს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირებს.


„პარლამენტთან ვართ ჩვეულებრივად, უბრალოდ ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები, ვმკურნალობ და ეს ყველაფერი მიშლის ხელს. რაც შეეხება კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც ჩემს გვერდით არიან, თუ რატომ აღარ იმყოფებიან კარვებში, ამ კითხვის პასუხისგან თავს შევიკავებ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.


რაც შეეხება მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებას, რომ ერთი კარავი შესაძლოა, მთავარ პროკურატურასთან დადგან, სარალიძის თქმით, ინფორმაციას არ ადასტურებს.


“მე ვიბრძვი სამართლიანობისთვის. პროკურატურასთან წავალ თუ სად წავალ, ეგ არავინ იცის, მე კონკრეტულად არაფერს ვადასტურებ“, - აღნიშნა სარალიძემ.


თავის მხრივ, ზაზა სარალიძესთან რაიმე ტიპის უთანხმოებას უარყოფს მალხაზ მაჩალიკაშვილი. გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის მამის განცხადებით, მასა და ზაზა სარალიძეს შორის უთანხმოება არ მომხდარა და ორივე ერთად აგრძელებს ბრძოლას სამართლიანობის აღდგენისთვის.


„ჩემსა და ზაზა სარალიძეს შორის დაპირისპირება არ მომხდარა და არასდროს არ მოხდება! ჩემსა და ზაზას შორის დაპირისპირება იქნება მთელი ქვეყნის სირცხვილი. მსგავსი არაფერი მომხდარა და ამას არც დავუშვებთ არც მე და არც ზაზა“, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.


„შვილმოკლული მამების აქცია“ პარლამენტის შენობის წინ, 2018 წლის 10 სექტემბერს დაიწყო. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილის მთავარი მოთხოვნა, მათი შვილების მკვლელობის საქმის ობიექტური გამოძიება და სამართლიანობის აღდგენაა. პარლამენტის შენობის წინ, აქციის მონაწილეთა არაერთი მცდელობის შემდგომ უკვე ექვსი თვეა კარვებია გაშლილი.


ინტერპრესნიუსი



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930