გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ზალკალიანმა ჟენევაში ვიზიტი დაასრულა

27-02-2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟენევაში ვიზიტი დაასრულა, სადაც მონაწილეობა მიიღო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტში. საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოსთვის აქტუალური საკითხების განსახილველად და წელსაც სესიაზე საქართველო არის ღირსეულად წარმოდგენილი.


"ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევა იყო ძალიან მკაფიოდ წარმოჩენილი ამ ფორუმის წინაშე. ჩემს გამოსვლაში ყურადღება გავამახვილე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ სერიოზულ დარღვევებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ასევე ვისაუბრე ოთხოზორიას, ტატუნაშვილის და ბაშარულის მკვლელობის თემაზე, რომ ამ სიტუაციას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეგუოს საერთაშორისო თანამეგობრობა და აუცილებელია, შესაბამისი რეაგირება.“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟენევაში ვიზიტის შეფასებისას.


მისი თქმით, ქართული მხარე ძალიან აქტიურად იყენებს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფორმატს, სადაც ორი წლის წინ მოხდა ადამიანის უფლებების საკითხზე რეზოლუციის ინიცირება და მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ამ ეტაპზე აღარ არის საბჭოს წევრი, აღნიშნული ფორმატი მომავალშიც აუცილებლად იქნება გამოყენებული რეზოლუციის "თანამშრომლობა საქართველოსთან" მხარდაჭერის მოსაპოვებლად.


მინისტრმა ასევე დადებითად შეაფასა ვიზიტის ფარგლებში, გამართული ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან, მისი განცხადებით: „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხზე მსჯელობის დროს როგორც გენერალური ასამბლეის ფორმატში, ისე ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში, ჩვენ გვქონდეს რაც შეიძლება მეტი ქვეყნის მხრიდან მხარდაჭერა.“


„გარდა ამისა, მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები ჟენევაში წარმოდგენილ გაეროს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, - გაეროს ჟენევის ოფისის გენერალურ დირექტორთან, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, ვისაუბრეთ ასევე ჟენევაში ჯანდაცვის ორგანიზაციის და ინტელექტუალური საკუთრების გენერალურ დირექტორებთან. ყველა ეს შეხვედრა იყო გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები ამ ორგანიზაციის ფარგლებში, იყოს რაც შეიძლება აქტიურად წარმოდგენილი პოლიტიკურ დღის წესრიგში“- აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შეფასებისას.


ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიის მაღალი დონის სეგმენტში. ქართულმა მხარემ საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით საქართველოში განხორციელებულ ღონისძიებებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის, ადამიანის უფლებებების დარღვევის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე.


ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანმა შეხვედრები გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, გაეროს ჟენევის ოფისის ხელმძღვანელთან; ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან; ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან და ასევე მაღალი დონის სეგმენტში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031