28-02-2019
2019 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 2.2 პროცენტს გაუტოლდა. ხოლო დეკემბერთან შედარებით ფასების საერთო დონე 1.3 პროცენტით გაიზარდა. იანვარში სამომხმარებლო კალათაში ფასის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, სიგარეტზე აქციზის გადასახადის მატების გამო მოხდა, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
იმპორტული და ადგილობრივად წარმოებული ფილტრიანი სიგარეტები შესაბამისად 12 და 14 პროცენტით, ხოლო ადგილობრივად წარმოებული უფილტრო სიგარეტი 15 პროცენტით გაძვირდა. საერთო ჯამში ამ ცვლილებებმა თვის ინფლაციაზე 0.4 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. სეზონური ფაქტორების გამო საგრძნობლად გაძვირდა ზოგიერთი ბოსტნეული და ყველი. იანვარში წლიურ ჭრილში ყველაზე დიდი ცვლილება ასევე ჯამში სიგარეტის გაძვირებას უკავშირდება. 2.2 პროცენტიანი ინფლაციიდან თამბაქოს ნაწარმის გაძვირებაზე 0.6 პ.პ მოდიოდა. დიდი გავლენა ჰქონდა ინფლაციაზე პურის, რომელსაც სამომხმარებლო კალათაში ყველაზე დიდი წონა (3.6%) აქვს, გაძვირებას.
იანვარში პური წლიურად 15 პროცენტით გაძვირებული აღმოჩნდა, ხოლო მისმა წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.5 პროცენტული პუნქტი (პ.პ) შეადგინა. არ ამოწურულა და კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა ინფლაციაში საწვავის გაძვირებას (0.2 პ.პ), რაც გასული წლის დასაწყისიდან მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდას უკავშირდება. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ძროხის ხორცის 7 პროცენტიანი გაძვირება და 0.2 პ.პ-იანი წვლილი საერთო ინფლაციაში. საპირისპიროდ, ინფლაციის შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად ვაშლისა და შაქრის გაიაფება მოქმედებდა შესაბამისად 40 და 16 პროცენტიანი გაიაფებით და -0.4 და -0.1 პპ-იანი უარყოფითი წვლილით საერთო ინფლაციაში.
საბაზო ინფლაცია, რომელიც გამოითვლება მაღალი მერყეობით გამორჩეული სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასების ცვლილების გარეშე, იანვარში მთლიან ინფლაციასთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი იყო და 0.6 პროცენტს შეადგენდა. საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ფასების დონის გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის.