გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პეტრას ციხის  ინფრასტრუქტურული მოწყობისთვის 1 750 000 ლარი დაიხარჯება

1-03-2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის,  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს  ინიციატივით 2015-17 წლებში  პეტრას ციხის რეაბილიტაცია განხორციელდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ციხის სამხრეთ-დასავლეთ კედელს, აღმოსავლეთ კედელს და დერეფნის უბანს. 


2017 წელს სააგენტომ, კონკურსის საფუძველზე, პეტრას ციხის  ინფრასტრუქტურით მოწყობის  პროექტი შეისყიდა, რომლის მიხედვითაც მუზემ-ნაკრძალში გასულ წელს დასრულდა პირველი ეტაპის სამუშაოები, კერძოდ: მოეწყო ღობე. მიმდინარე წელს ტენდერი გამოცხადდა სამუშაოების სრულად განხორციელებაზე, რაც ითვალისწინებს  ციხის ტერიტორიაზე ადაპტირებული ბილიკების, ვიზიტორთა ცენტრის, კაფის, საექსპოზიციო ნაგებობებისა და  ავტოსადგომის მოწყობას.  სამუშაოები დასრულდება 2020 წლის ზაფხულისათვის.  პროექტის ბიუჯეტი 1 750 000 ლარია.


პროექტის დასრულების შემდეგ მივიღებთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც იქნება ახალი საერთაშორისო სტანდარტის ტურისტული ობიექტი. აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ 2017 წელს ციხეზე არქეოლოგიური  სამუშაოების წარმოების  დროს ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით დათარიღებული უმნიშვნელოვანესი მასალები აღმოაჩინეს: რკინის საბრძოლო ცულები, სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, მუზარადი, ჯაჭვის პერანგისა და ფარის ნაშთები, მრავალრიცხოვანი კერამიკული ნაწარმი და განძი (95 ვერცხლის მონეტა).


პირველად ციხის შესწავლა 1930-იან წლებში დაიწყო, 1934 წელს ს.ჯანაშიამ სადაზვერვო სამუშაოები ჩაატარა ციხეზე და გამოვლინდა ტაძრის ნაშთი. ფართო მასშტაბის არქეოლოგიური გათხრები კი დაიწყო 1960-იანი წლების დასაწყისში ივანე ჯავახიშვილის სახ.ინსტიტუტისა და ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ერთობლივი ექსპედიციის ძალებით, ამ გათხრების შედეგად გამოვლინდა სამხრეთის კოშკი, სამხრ.კარიბჭე, სამნავიანი ბაზილიკა, აღმ.კარიბჭე და აბანო.  


ციხე–ქალაქი პეტრა ადრეფეოდალური კულტურის ერთ–ერთი უბრწყინვალესი ძეგლია, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით თარიღდება. ეს ტერიტორია ისტორიულად ერთ-ერთი ქართველური ტომის- ლაზების სამოსახლო იყო. უნიკალური სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ აქ ქალაქი გააშენა. ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა უმნიშვნელოვანესი სახმელეთო გზა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა დასავლეთ საქართველოს, ბიზანტიის პროვინციებს, ირანს და სომხეთს. შუა საუკუნეებისათვის პეტრას ციხე იმდენად მიუდგომელი გახდა, რომ მას ქაჯეთის ციხე უწოდეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930