1-03-2019
ზაალ ანჯაფარიძე: "პეტიციას მართლმსაჯულების გადასარჩენად" მხოლოდ 663 ხელმოწერა აქვს, რაც ზღვაში წვეთია
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში, საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს მიაჩნია, რომ სასამართლო სისტემა პრიორიტეტული საკითხია, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, „პეტიციით მართლმსაჯულების გადასარჩენად" ხელმოწერები შეაგროვონ. ანჯაფარიძის განმარტებით, ამ დრომდე მხოლოდ 663 ხელმოწერა შეგროვდა, რაც „ზღვაში წვეთია“.
„პრაქტიკულად ყველა მეტნაკლებად სანდო სოციოლოგიური გამოკითხვა თუ კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობისათვის სასამართლო სისტემა არ შედის მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების პრიორიტეტთა არათუ ხუთეულში, არამედ ათეულშიც კი და მხოლოდ 2-3%-თვის არის ის მნიშვნელოვანი, რაც საკმაოდ სიმპტომატურია.
მაგალითად, ენჯეოების "პეტიციამ მართლმსაჯულების გადასარჩენად", რომელიც 15 თებერვალს გამოქვეყნდა და წესით ხელმოსაწერად ხალხი უნდა მიწყდომოდა, თუკი საკითხი მათთვის მართლაც პრობლემური იყო, სადღეისოდ მხოლოდ 663 ხელმოწერა შეაგროვა, რაც რომ იტყვიან, ზღვაში წვეთია.
უფრო ფართო კუთხით რომ შევხედოთ, ეს არის ერთი პატარა, მაგრამ ნიშანდობლივი ინდიკატორი საზოგადოებაში არსებული დაბალი სამოქალაქო ცნობიერების და მწირი მოქალაქეობრივი თვითშეგნების“ - წერს ანჯაფარიძე.