გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

4-03-2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა თურქმენეთის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვთან. შეხვედრა ქ. ბუქარესტში მიმდინარე საქართველო, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, რუმინეთის ოთხმხრივი მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.


დავით ზალკალიანმა და რაშიდ მერედოვმა მაღალი შეფასება მისცეს თურქმენეთსა და საქართველოს შორის ბოლო პერიოდში გააქტიურებულ ურთიერთობებს, რაც გამოიხატა ორი ქვეყნის ჩართულობაში სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში. ასევე აღინიშნა მაღალი დონის შეხვედრების მზარდი დინამიკა და წარმატებული თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. შეხვედრის ფარგლებში მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის 2019-2021 წლების თანამშრომლობის სამოქმედო გეგმას, რაც მათი შეფასებით, დამატებით ბიძგს მისცემს ურთიერთობების გააქტიურებას.


შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის თანამშრომლობისა და ჩართულობის მნიშვნელობას საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში. ამ მხრივ, მაღალი შეფასება მიეცა რუმინეთში მიმდინარე მინისტერიალს, რომლის ფარგლებში გაფორმდება ბუქარესტის დეკლარაცია, რაც ხელს შეუწყობს კასპიის ზღვისა და შავი ზღვის სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებას.


სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრებმა გამოხატეს ინტერესი ორი ქვეყნის კერძო სექტორის და ბიზნეს წრეების დაახლოებისადმი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები აქტიურად ჩაერთვებიან ასევე ტრანსპორტის სფეროს საკითხებზე თანამშრომლობის შესაბამისი ფორმატების ინიცირებაში.

შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შუწყონ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებას.


დავით ზალკალიანი რუმინეთში სამუშაო ვიზიტით მიმდინარე წლის 3-4 მარტს იმყოფება და მონაწილეობს ოთხმხრივ მინისტერიალში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031