გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსთაველის თეატრში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

13-03-2019

"დღევანდელი დღე განასახიერებს ქართული საზოგადოების ლტოლვას დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისაკენ და შეგვახსენებს, რომ საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს საფუძველი ჯერ კიდევ 100 წლის წინ ჩაეყარა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ რუსთაველის თეატრში შეკრებილ სტუმრებს 100 წლის წინ არჩეული დამფუძნებელი კრების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეახსენა.

ირაკლი კობახიძის თქმით, პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლებს, პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საერთო და მკაფიო მიზანი ამოძრავებდათ: საქართველოს დამოუკიდებლობა, მისი დემოკრატიული განვითარება და მსოფლიო საზოგადოების ღირსეული წევრობა. სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ დამფუძნებელი კრების მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუკუნის წინანდელი პოლიტიკური და სამართლებრივი ინსტიტუტები დღესაც ჩვენი სიამაყის საფუძველია.


ირაკლი კობახიძემ საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ, ემიგრაციაში მცხოვრები პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათთვის ევროპის იდეა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.


პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარება სერიოზულად შეაფერხა საბჭოთა ოკუპაციის 70 წელიწადმა და ჩაახშო პირველი რესპუბლიკის წლებთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი, პროგრესული წამოწყება. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენა და განმტკიცება სწორედ პირველი რესპუბლიკის იდეურ და სიმბოლურ საძირკველზე გახდა შესაძლებელი. მისივე თქმით, დღევანდელი საქართველოს პირველ რესპუბლიკასთან იდეური კავშირის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ 2018 წელს, ქვეყანამ პრეზიდენტად საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკოსთა შთამომავალი, ემიგრაციაში დაბადებული სალომე ზურაბიშვილი აირჩია.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ეროვნული ერთსულოვნების მნიშვნელობაზე გაამახვილა.


"დღეს, ემიგრაციაში წასული და საქართველოში დარჩენილი მამულიშვილების შთამომავლები, სრულიად საქართველოს მოსახლეობა ერთად უნდა ვიდგეთ თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს დასაცავად და გასაძლიერებლად. დღეს ყველა პოლიტიკური უთანხმოება მეორეხარისხოვანი უნდა იყოს სამშობლოს თავისუფლებისა და წინსვლის მიზანთან შედარებით. საერთო ეროვნული საქმე არ შეიძლება გათითოკაცებული და დაპირისპირებული საზოგადოების პირობებში გაკეთდეს", - განაცხადა კობახიძემ.


დამფუძნებელი კრების ასი წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები სწორედ ჩვენი ეროვნული ერთსულოვნების მნიშვნელობის შეხსენების მიზანს ემსახურება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავის სათანადოდ აღნიშვნისათვის მეცნიერებს, სტუდენტებს, საქართველოს ეროვნულ არქივს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და რუსთაველის თეატრს მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, გაიმართა თეატრალიზებული წარმოდგენა "ბედი ქართლისა".

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031