13-03-2019
საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მასზე, როგორც გიჟ პერსონაზე ფილმის გადაღება იგეგმებოდა, სადაც მისი, ანუ მთავარი როლი ნიკოლას ქეიჯს უნდა ეთამაშა, თუმცა მსახიობმა ფილმში მონაწილეობაზე უარი თქვა.
ეს განცხადება სააკაშვილმა უკრაინულ ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона», გააკეთა.
დიმიტრი გორდონის კითხვაზე, „თუ თქვენს შესახებ ოდესმე მხატვრულ ფილმს გადაიღებენ, როგორ სახელს უწოდებთ მას?“-სააკაშვილმა უპასუხა:
„ჩემს შესახებ უკვე რამდენიმე ფილმია გადაღებული, მაგალითად, იულია ტიმოშენკოსთან ერთად... ამერიკელებმა გადაიღეს ჰოლივუდური ბლოკბასტერი, სადაც ჩემს როლს მსახიობი ენდი გარდია ასრულებს... შემდეგ კიდევ ერთი ფილმი უნდა გადაეღოთ ნიკოლას ქეიჯის შესრულებით, მაგრამ ბოლო მომენტში მან უარი თქვა - იმიტომ, რომ იმ ფილმში სრულიად გიჟი უნდა ვყოფილიყავი და ნიკოლას ქეიჯს ეს არ მოეწონა. მოკლედ, ფილმები ბევრია, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, როგორს გადაიღებენ და საერთოდ, როგორ ჩაიწერება ისტორიაში. მე მაინც ვერც წავიკითხავ და ვერც ვნახავ. ჩემთვის მთავარია, რომ დღეს ვნახო შედეგები. აი, სწორედ ესაა ცხოვრების არსი - მუდმივი მოძრაობა, არსებობისთვის ბრძოლა და ის, რომ ჩვენ სწორად გამოვიყენოთ ჩვენი დრო“-განაცხადა სააკაშვილმა.
p.s. მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge