15-03-2019
საქართველო საერთაშორისო ინვესტიციებისთვის განსაკუთრებული მიმზიდველობის მქონე ქვეყანაა; ჩვენი ბაზარი სრულად გახსნილია , ეკონომიკა - ლიბერალური, ხოლო ადგილმდებარეობა - სტრატეგიული, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმის მონაწილეებს, რომლებსაც ტოკიო მასპინძლობს.
მთავრობის მეთაურმა ფორუმის გახსნისას იაპონია-საქართველოს შესანიშნავ ხალხთაშორის და პოლიტიკურ კავშირებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დროა, ეს განსაკუთრებული დამოკიდებულება ეკონომიკურ ურთიერთობებშიც გადაიზარდოს.
მამუკა ბახტაძე ღონისძიების მონაწილეებს განათლების სისტემის მასშტაბურ რეფორმაზე ესაუბრა, რომლის თანახმად, სექტორის დაფინანსება 2022 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს მიაღწევს.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწევებს და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების უახლეს რეიტინგში, საქართველო მსოფლიოში - მე-6, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზეა.
ბიზნესფორუმის ფარგლებში იაპონურ მხარესთან ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და ნიპონის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიის (NEXI) პრეზიდენტმა მასაფუმი ნაკადამ მოაწერეს ხელი.
პრემიერის შეფასებით, ურთიერთგაგების მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორ ერს შორის ვაჭრობის განვითარებასა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობას. ამასთან, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებაზე, რაც იაპონიიდან საქართველოში მეტი ინვესტიციის განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
"დასკვნის სახით, მინდა, საერთაშორისო ინვესტორებისთვის ნათელი მოვფინო საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და რეგიონულ ცენტრად ქცევის უდიდეს პოტენციალს. იაპონია ძალიან კარგ მაგალითს გვაძლევდა იმისა, თუ როგორ შეიძლება ძლიერი ნების მქონე ერმა დაძლიოს ბევრი სირთულე და წარმატებას მიაღწიოს. კვლავ ვიტყვი, რომ თქვენი დახმარებით და პარტნიორობით ყოველდღე გვახსენდება, რომ წინ ნათელი მომავალია. მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა საქართველოთი დაინტერესებისთვის და იმედი მაქვს, ბევრ თქვენგანს მალე ვიხილავ ჩემს ქვეყანაში", - მიმართა პრემიერმა ბიზნესფორუმის მონაწილეებს.
საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმზე 150-ზე მეტი, მათ შორის 30-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.
11-12-2025