გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
რატომ აუკრძალეს თავად ამატუნს საპნის მტკვრის პირას ხარშვა - რა იწარმოებოდა მე - 19 საუკუნის თბილისში?!

31-01-2018

მე-19 საუკუნეების თბილისში რამდენიმე ბაზარი ფუქნციონირებდა, სადაც გასაყიდი პროდუქტის მიხედვით თითოეულ რიგს თავისი დასახელება ჰქონდა. ქუჩებს სახელწოდებებს კი მასზე მცხოვრები ხელოსნების საქმიანობის მიხედვითაც არქმევდნენ.

ეს სახელები დღეს გვიამბობენ, თუ რა პროდუქტები იწარმოებოდა და იყიდებოდა იმჟამინდელ თბილისში. ზოგიერთ ადგილს დღესაც შემორჩა ძველი სახელწოდებები, ზოგიც - ისტორიის კუთვნილება გახდა. მაგალითად: ღვინის აღმართი, ბამბის რიგი, ვერცხლის ქუჩა, პურის მოედანი... სხვათა შორის, ეს მოედანი დღესაც ჯვარის მამის ეკლესიის უკან მდებარეობს. უწინ ყველა თბილისურ ოჯახს საკუთარი თონე ჰქონდა, ამიტომ პურს შინ აცხობდნენ. გასაყიდი პური კი

მხოლოდ პურის მოედანზე ცხვებოდა. მუშტრები უმთავრესად ვაჭრები და უცხოელი სტუმრები იყვნენ. სხვადასხვა ფორმის პურებს აცხობდნენ თურმე პურის მოედანზე: დედას პური, შოთი... ყველაზე ცნობილი და განსხვავებული ფორმის ჯვარისმამის ლავაში ყოფილა. გამოთქმა (მუქარა) "გაგაბრტყელებ ჯვარისმამის ლავაშივით" ამ დროიდან იღებს სათავეს.

პურის გამოსაცხობად, მოგეხსენებათ, ფქვილია საჭირო. ფქვილს თბილისელები - მტკვარზე ჩამწკრივებულ წისქვილებში ფქვავდნენ. გამოსაცხობად საჭირო შეშაც მრავლად იყო მტკვრის სანაპიროზე განთავსებულ სამხერხაოებში. ტივებად შეკრულ ხის მასალასაც მტკვარზე მოაცურებდნენ დედაქალაქისკენ.
წისქვლი მტკვარზე
თონეს თიხის სხვა ჭურჭელთან ერთად, ადგილობრივი მეთუნეები ამზადებდნენ გასაყიდად. თიხა მაშინდელ თბილისში, უმთავრესად ჩუღურეთში მოიპოვებოდა. ცნობისათვის, დედაქალაქის ბაზარზე ჩუღურეთის

ქურებში გამომწვარი აგურის, კრამიტისა და თიხის ჭურჭლის გარდა, ჩუღურეთის საპნის სახარშში დამზადებული საპონიც გადიოდა.

1823 წლის სტატისტიკის მიხედვით, ჩუღურეთში 10 - აგურის, 1 - გაჯის, 4 -სამეთუნეო, 8 - სამღებრო, 3 - სამჭედლო და 1 - საპნის ქარხანა ფუნქციონირებდა, ასევე იყო 1 სადალაქო, 2 დუქანი და 1 თონე.

1850-იანი წლების ბოლოს კი დედაქალაქში თურმე 5 სამეთუნეო ქარხანა მოქმედებდა.

აღსანიშნავია, რომ ჩუღურეთის საპნის სახარში მე-19 საუკუნის 30-იან წლებამდე ერთადერთი იყო, შემდეგში მათი რაოდენობა გაიზარდა. საუკუნის ბოლოს, 1886 წელს, ფრანგი მეწარმის ტოლიეს მიერ კიდევ ერთი საპნის საწარმო დაარსებულა. ეს საწარმო კუსტარული იყო, ხელით შრომაზე დაფუძნებული და დღე-ღამეში 300-500 კგ სარეცხის საპონს ამზადებდა.

ქალაქში მოქმედი ტყავის ქარხნებიდან გამოირჩეოდა 1875 წელს გახსნილი ა. ადელხანოვის ტყავის ქარხანა (აქ მუშაობდა ერთხანს ბესარიონ ჯუღაშვილი). შემდეგ ფეხსაცმლის ფაბრიკაც გაიხსნა. ქალაქში აგრეთვე ფუნქციონირება ქეჩის ფაბრიკები, საპნისა და ზეთსახდელი ქარხნები, აგრეთვე, რამდენიმე წვრილი თუჯსადნობი ქარხანა და ლითონის სახელოსნო, მიმდინარეობდა ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების მრავალრიცხოვანი საწარმოები. სამშენებლო მასალების მრეწველობაში თვალსაჩინო ადგილი ეკავა ხიმშიაშვილის კრამიტ-აგურის ქარხნებს. ჭურჭლის ქარხანა ჰქონდათ იაკობ გუკასოვს, კარაპეტა ეგანოვს, დიმიტრი ჯანაშვილს.

არსებობს სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც: 1875 წელს, მაშინდელ თბილისის გუბერნიაში 492 სარეწაო პრიმიტიული ფაბრიკა იყო, რომელშიც 3682 მუშა ჰყავდათ დასაქმებული.


1898 წლისათვის დედაქალაქში სარეწაო ფაბრიკა - ქარხნების რიცხვი 3899- მდე, ხოლო მათში დასაქმებული მუშების რაოდენობა, 11 3000- მდე გაიზარდა.


გთავაზობთ საქართველოში მოქმედ რამდენიმე მეწარმის სახელს, რომელთა საქმიანობამაც მე-19 საუკუნის განმავლობაში გამორჩეულად დიდი მასშტაბები მიიღო, როგორც ფინანსური, ასევე გეოგრაფიული გაგებით.

დავით სარაჯიშვილი
სარაჯიშვილმა საფრანგეთში შეისწავლა მეღვინეობის ტექნოლოგიური დარგები, მათ შორის კონიაკისა და მაგარი სასმელების დამზადებაც. 36 წლის იყო, როცა ხელი მიჰყო მრეწველობას. 1888 წელს სარაჯიშვილმა თბილისში შექმნა ამიეკავკასიაში პირველი კონიაკის ქარხანა, რომელიც მუშაობდა სამამულო ნედლეულის ბაზაზე. სარაჯიშვილის ფირმა აერთიანებდა 5 სარექტიფიკაციო, 1 არყის, 1 ლიქიორისა და 7 კონიაკის ქარხანას, აგრეთვე მრავალ საწყობს თბილისში, მოსკოვში, პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში. ცნობილია, რომ 1900 წლისთვის სარაჯიშვილის ფირმას 218200 ბოთლი კონიაკი გამოუშვია. 1889-1913 წლებში სარაჯიშვილის ფირმის კონიაკმა და ლიქიორმა საერთაშორისო დეგუსტაციებსა და გამოფენებზე ოქროს(9), ვერცხლის(5) და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. სარაჯიშვილის ქარხნის ბაზაზე შეიქმნა თბილისის კონიაკის ქარხანა.

ბოზარჯიანცის თამბაქოს საწარმო
პირველი თამბაქოს საწარმო ტფილისში (ვერის სასაფლაოს ბოლოში) ბოზარჯიანცებმა 1858 წელს გახსნეს, რომელიც მოგვიანებით სააქციო საზოგადოებად - "ბოზარჯიანცი და შვილები"აქციეს. საწარმოს რამდენიმე საფირმო მაღაზია ჰქონდა გახსნილი. არსებობს ცნობა, რომ 1898 წელს იოსებ სტალინი სწორედ ბოზარჯიანცის თამბაქოს საწარმოში ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრატიულ წრეს და ამ და სხვა საწარმოების მუშების დახმარებით, 1900 წელს გაფიცვებიც მოაწყო. გასაბჭოების შემდგომ ბოზარჯიანცის თამბაქოს საწარმოს მუშაობა არ შეუწყვეტია, აქ კომუნისტები ცნობილ სიგარეტ "პრიმას" აწარმოებდნენ.

გიორგი ამატუნის საპნის ქარხანა
ტფილისის ისტორიის მკვლევარი თემურ ბერიძე ირწმუნება, რომ მე-18 საუკუნის დასასრულსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში, დედაქალაქის ბაზარზე ჩუღურეთის ქურებში გამომწვარი აგურის, კრამიტისა და თიხის ჭურჭლის გარდა საპონიც გადიოდა, რომელიც ჩუღურეთის საპნის სახარშში მზადდებოდა. საპნის სახარში თავად ამატუნის კუთვნილება გახლდათ, რომელიც იჯარით ჰქონდა გაცემული თბილისელ აზნაურ გეო ლორის - მელიქოვსა და მოქალაქე დავით ტატოევზე. საპონი ჩუღურეთის ქუჩებში გამომწვარ 100 თიხის ქოთანში იხარშებოდა. სახარში მტკვრის პირას მდებარეობდა, საიდანაც საპნის ნახარში მტკვარში იღვრებოდა და მდინარეს აბინძურებდა. მთელი უსუფთაობა და ნაგავი მდინარეს ქვევით, ქალაქის ცენტრში ჩაჰქონდა.

ქალაქის მმართველობამ ამატუნს მტკვრის პირას საპნის ხარშვა აუკრძალა და პატრონს შესთავაზა წარმოება ნავთლუღში გადაეტანა. წინააღმდეგობის მიუხედავად ამატუნი და მისი კომპანიონები იძულებული გახდნენ სახარში სხვაგან გადაეტანათ. სად უცნობია, შესაძლოა ამატუნის მამულში - სურბ-კარაპეტას ხევში. ამგვარი ვარაუდის გამოთქმის საფუძველს, ამ ხევთან მომავალში არსებული ქუჩის საპნის ქუჩად დასახელება იძლევა.

ზუბალაშვილები
ზუბალაშვილების სახელს უკავშირდება ამხანაგობის შექმნა. 1837 წელს ამ ამხანაგობამ თბილისში დააარსა შაქრის ქარხანა, რომელიც პირველი შაქრის ქარხანა იყო მთელს ამიერკავკასიაში. ქარხნის მაქსიმალურმა მწარმოებლურობამ 186 ათას მანეთს მიაღწია. ქარხანაში 50 დაქირავებული მუშა, 10-ზე მეტი ოსტატი და ზედამხედველი მუშაობდა. ქარხანამ 7-8 წელი იარსება. დაიხურა უმთავრესად რუსეთიდან შემოტანილი შაქრის კონკურენციის გამო. ზუბალაშვილების სახელს მრავალი ქველმოქმედება უკავშირდება.

"კვირის პალიტრა"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031