გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ილია ელოშვილის თქმით, ტვერელის სახელობის ტაძართან მშენებლობა ტერიტორიისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

26-03-2019

ტვერელის სახელობის ტაძართან მიმდინარე მშენებლობის თაობაზე გაცემული ნებართვის ფარგლებში ზონის ან კოეფიციენტის ცვლილება არ მომხდარა. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, იმ ავარიულ შენობებს, რომელთა ჩანაცვლებაც იგეგმება, ძეგლის სტატუსი არ გააჩნია. გარდა ამისა, წარმოდგენილია ყველა დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ მშენებლობის პროცესი ამ ტერიტორიისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.


„მშენებლობის ნებართვა არამხოლოდ კანონიერად გაიცა, არამედ მშენებელს არანაირი ცვლილება არ მოუთხოვია იმ ნებართვისგან, რაც მოქმედებს ამ ტერიტორიაზე. არც ზონის ცვლილება და არც კოეფიციენტის მატება არ დაფიქსირებულა. საკითხი ეხება სრულიად უსახურ, ავარიულ შენობებს, რომელთაც ძეგლის სტატუსი არ გააჩნიათ. ხდება მათი ჩანაცვლება საბჭოს მიერ დამტკიცებული, დაბალი ინტენსივობის პროექტით. რაც შეეხება ეკლესიასთან სიახლოვეს, წარმოდგენილია ყველა დასკვნა, კონსტრუქციული თუ გეოლოგიური, რომ ფერდობი, რომელიც ემიჯნება ეკლესიას, არ წარმოადგენს საფრთხეს, თუმცა დამატებით მაინც იქნება გამაგრებული. ვერანაირ პრობლემას მერია ამ პროექტის განხორციელებაში ვერ ხედავს. ჩვენ ვართ ყველაზე უფრო კრიტიკულები და ფრთხილები ნებართვების გაცემის დროს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს იმასთან, რომ ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ფაქტობრივად, იმის გამო, რომ ვერ პოულობენ ისეთ პროექტებს, რომლებზეც მოგვედავებიან, ტოტალურად ყველა პროექტის უარყოფაზე გადავიდნენ, რაც მეორე უკიდურესობაა. ეს ძალიან დამაზიანებელი იქნება თვითონ ამ უბნებისთვის, თუკი საერთოდ შევაჩერებთ ყველა სახლის და შენობის ჩანაცვლებას. ასევე, ეს დიდი დარტყმა იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მოვუწოდებ მათ, ერთი კვირა მაინც იცხოვრონ იმ ბარაკებში, იმ პირობებში, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ. 60 პროცენტი იმ ახალი ფართებისა, რომელიც ამ ბარაკების ადგილას იქმნება, სწორედ ამ მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

მისივე თქმით, ეს საკითხი რამდენჯერმე გავიდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე.


„ეს საკითხი რამდენჯერმე იყო გასული საბჭოზე, ესკიზის დამტკიცების მიზნით. ჩვენ ეს ნებართვა არ გაგვიცია ერთ დღეში. ამ პროექტზე საკმაოდ დიდხანს ვიმუშავეთ, დავრწუნდით, რომ ის არის როგორც არქიტექტურულად, ასევე, სტრუქტურულად კარგი, მდგრადი პროექტი. საბოლოო ჯამში, როცა ჩავთვალეთ, რომ იყო კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთანაც შეთანხმებული, ჰქონდა ყველანაირი დოკუმენტაცია, მაშინ თბილისის მერიამ და არა კახა კალაძემ გასცა ნებართვა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით ვუსმენთ თითოეულ ასეთ წუხილს. არ გვინდა, ვინმეს დარჩეს შთაბეჭდილება, თითქოს იქ რაიმე ისეთი ხდება, რაც შეიძლება ვინმეს საფრთხეს უქმნიდეს, ამიტომ კიდევ ერთხელ მაინც გადავამოწმებთ, რათა დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ ყველაფერი მიმდინარეობს სწორად და წესების დაცვით“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2019    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031