26-03-2019
ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ოფიციალურად დაარსდა ქართულ-ნორვეგიული სავაჭრო პალატა. ინფორმაციას სააგრეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მაია ყიფშიძემ და ქართულ-ნორვეგიული სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ და ბრიტანულ-ნორვეგიული სავაჭრო პალატის მმართველი საბჭოს დირექტორმა დავით დუნდუამ. საქართველოს ელჩმა ღონისძიებაზე ისაუბრა ქართულ-ნორვეგიული სავაჭრო პალატის მიზნებზე და სტუმრებს გააცნო საქართველოში არსებული საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი, ასევე პრიორიტეტული სფეროები.
"სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოში მსხვილი ინვესტიციების განმახორციელებელი კომპანიების, „Norsk mineral’’- ისა და „Green Seafood Group’’- ის გენერალურმა დირექტორებმა, კირე იოჰანსენმა და სტაინარ გრავოსმა, მათ ისაუბრეს საქართველოში ბიზნესის წარმოების გამოცდილებებზე.
ღონისძიების ფარგლებში, კომპანია „Creative Caucasus’’- ის დამაარსებელმა და დირექტორმა, გელა ენდრიუ სულმა ისაუბრა სტარტაპების პერსპექტივებსა და საქართველოს ინოვაციისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობაზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ნორვეგიის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ, ნორვეგიის სამეფოში ახლადდაარსებული ქართულ- ნორვეგიული სავაჭრო პალატა კერძო სექტორის არასამეწარმეო, ავტონომიური ერთეულია, რომლის მიზანია საქართველოს და ნორვეგიას შორის ეკონომიკური, სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
13-01-2025