გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კალაძე: მათ, ვინც აპროტესტებს ტაქსის რეფორმას, შეუძლიათ გამოყონ 5-10 კაციანი ჯგუფი, ვისაც ენდობიან და შევხვდებით

28-03-2019

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მომხმარებელს დადგენილ ვიზუალურ სტანდარტში მოქცეული, ახლადშეღებილი ტაქსები აჩვენა და ტაქსის რეფორმის მოწინააღმდეგე ჯგუფთან შეხვედრის მზაობაც გამოთქვა. 


„ეს მიმართულება მოწესრიგებული უნდა იყოს როგორც ამ სერვისით მოსარგებლე, ასევე, სერვისის გამწევი ადამიანებისთვის. გუშინ იყო აქცია, სადაც გამოვიდა ადამიანების ჯგუფი, ტაქსის მძღოლები და ისინი აპროტესტებდნენ ამ რეფორმას, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ გამოვხატეთ ამ ადამიანებთან შეხვედრის მზადყოფნა და დღესაც გვაქვს ეს მზაობა. მათ შეუძლიათ გამოყონ 5- 10-კაციანი ჯგუფი, ვისაც ენდობიან. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს შევხვდეთ და ნებისმიერ კითხვას გავცეთ კომპეტენტური პასუხი“ - აღნიშნა კახა კალაძემ. 


მისი თქმით, რამდენჯერმე მოუწია ახსნა-განმარტება, თუ რა სარგებელს მიიღებენ ტაქსის მძღოლები ამ რეფორმის შედეგად.


„საშემოსავლოსგან მთლიანად გათავისუფლებულები იქნებიან, არანაირ გადასახადს არ გადაიხდიან. მათთვის ქალაქის მასშტაბით გამოყოფილია უფასო საპარკინგე ადგილები, რომელსაც ჩვენ კიდევ დავამატებთ საპარკინგე ადგილებს მომავალში. მათ უფასოდ გადაეცემათ ტაქსის მანათობლები, რომლის დიზაინიც გუშინ წარმოვადგინეთ, ასევე, ქიმწმენდისა და გადაღებვის ვაუჩერები. დღევანდელი მდგომარეობით 100-ზე მეტი ვაუჩერია გაცემული და მიმდინარეობს გადაღებვის სამუშაოები. გარდა ამისა, მძღოლებს ექნებათ საშუალება, შემოსავალი მიიღონ რეკლამის განთავსებით. მათ უჩნდებათ დამატებითი შემოსავალი, რაც მათივე ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ კი, დედაქალაქის მოსახლეობა, ამ რეფორმის შედეგად, გამართული სერვისით ისარგებლებს“ - განაცხადა თბილისის მერმა. 


როგორც კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში დააზუსტა, ვიზუალურ სტანდარტში მოქცევის ვალდებულება ექნება A კატეგორიის ტაქსებს, ხოლო B კატეგორიის ტაქსებს მსგავსი ვალდებულება არ ექნებათ და საქმიანობის გაგრძელება შეეძლებათ ტაქსის გამოძახების პრინციპით მომუშავე სისტემაში ჩართვით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031