გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურის შუამდგომლობით, კიდევ ერთი პოლიტპატიმრის საქმე გადაისინჯება, დაზარალებულ მოქალაქეებს კი უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდებათ

30-03-2019

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილებები მიიღო, რის საფუძველზეც პოლიტპატიმარ ლევან გორგიაშვილის (ამჟამინდელი გვარი - ტურაშვილი) საქმე გადაისინჯება, მოქალაქე სამსონ კილაძეს უკანონოდ ჩამორთმეული დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება, ხოლო ერთი მსჯავრდებულის მიმართ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. 


საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილი მორიგი დანაშაულებრივი ფაქტების შედეგად დადგენილია: ლევან გორგიაშვილი, როგორც ოპოზიციურად განწყობილი ერთ-ერთი პოლიტიკური მოძრაობის წევრი, აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2008-2009 წლებში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში, რის გამოც უცნობი პირებისგან ხშირად იღებდა სატელეფონო მუქარებს.


განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების და პოლიტიკური პროცესებიდან მისი ჩამოცილების მიზნით, სამართალდამცავების მიერ დაიგეგმა გამოგონილი ბრალდებით ლევან გორგიაშვილის დაკავება. 


2009 წლის 25 აგვისტოს, ქ.თბილისში აგლაძის ქუჩაზე ავტომანქანის შესაკეთებლად მისული ლევან გორგიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს, რა დროსაც მას შარვლის ჯიბეში ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ ჩაუდეს. 2009 წლის ოქტომბერში, ლევან გორგიაშვილის მიმართ გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და მიესაჯა 7 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. 2013 წელს, პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების შემდეგ მან საპატიმრო დაწესებულება დატოვა. 


საქართველოს პროკურატურის ცნობით, ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა მსჯავრდებულის გამამართლებელი სრულიად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, რითაც დასტურდება დაკავებულის მიმართ პოლიტიკური მოტივის არსებობის და მტკიცებულებების ხელოვნურად შეგროვების ფაქტი. აქედან გამომდინარე პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების მოთხოვნით.


პროკურატურამ ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეზე მოქალაქე სამსონ კილაძე დაზარალებულად ცნო. 2007 წლიდან მოყოლებული სამსონ კილაძე სრულიად კანონიერად ფლობდა და განკარგავდა თბილისში, დიდი დიღომში მდებარე 2125 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს. 2009 წელს საქართველოს პროკურატურაში თითქოსდა მიწის ნაკვეთის უკანონოდ დაუფლებასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. მიმდინარე გამოძიების პროცესში სამსონ კილაძეს სისტემატიურად იბარებდნენ საგამოძიებო უწყებაში და დაჟინებით სთხოვდნენ საკუთრებაში არსებული 2125 კვ.მ ფართობის მიწის დათმობას სახელმწიფოს სასარგებლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცავებისგან მას პრობლემები შეექმნებოდა.


საბოლოოდ, განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, დაზარალებულმა ხსენებული მიწის ნაკვეთი ჩუქების გზით სახელმწიფოს გადასცა.
მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, პროკურატურა მიმართავს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, რათა დაზარალებულ სამსონ კილაძეს დაუბრუნდეს ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთი.


რაც შეეხება დანაშაულებრივ ქმედებებში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მიიღებს მათ მიმართ გადაწყვეტილებას. 


გარდა ამისა, პროკურატურის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლომ მოქალაქე კორნელი კუკულაძე გაამართლა.


2001 წლიდან მოყოლებული კორნელი კუკულაძე მის მიერ დაფუძნებული კომპანიის მეშვეობით სრულიად კანონიერად ფლობდა და განკარგავდა ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში არსებულ 19,5 ჰა მიწის ნაკვეთს, რომელიც მას გადაცემული ჰქონდა პანსიონატის მშენებლობის მიზნით.


2006 წელს, აღნიშნული ქონება ხელისუფლების ინტერესის ქვეშ მოექცა, რის შემდეგაც კორნელი კუკულაძის მიმართ დაიწყო ზეწოლა ქონების დათმობის მიზნით. იგი თაღლითობის ბრალდებით, თითქოსდა მიწის ნაკვეთი მოტყუებით ჰქონდა ხელში ჩაგდებული, მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, სამართალდამცავების მოთხოვნით კორნელი კუკულაძემ უსასყიდლოდ დათმო მის საკუთრებაში არსებული ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში მდებარე 6 ჰა მიწის ნაკვეთი, რის შემდეგაც მას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე.


ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადასტურდა კორნელი კუკულაძის მიერ ქონების კანონიერად ფლობის და სამართალდამცავ ორგანოში ზეწოლის განხორციელების ფაქტები, რაზედაც მიუთითებენ საქმეზე დაკითხული მოწმეები. აქედან გამომდინარე, სასამართლომ კორნელი კუკულაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. კორნელი კუკულაძის გარდაცვალების გამო, პროცესში მონაწილეობას იღებდა დაზარალებულის უფლებამონაცვლე - შვილი ვახტანგ კუკულაძე, რომელიც სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით დაიბრუნებს უკანონოდ ჩამორთმეულ მიწის ნაკვეთს.


საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით დეპარტამენტმა სასამართლოს 65 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, მათგან 17 ატარებს პოლიტპატიმრის სტატუსს, რომელიც მათ მიენიჭათ „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 05 დეკემბრის დადგენილებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით 57 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი. 


გარდა ამისა, დღეის მდგომარეობით, გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით 240 დაზარალებულ მოქალაქეს უკვე დაუბრუნდა დაახლოებით 47 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის ავტომანქანები, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო და სასტუმრო კომპლექსები, მიწის ნაკვეთები და ა.შ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930