5-04-2019
ტოკიოს მეტროსადგურში "Tennozu Isle" ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო. აღნიშნული სადგური წარმოადგენს საგამოფენო ცენტრთან "Terrada Warehouse" მისასვლელს, სადაც გამოფენა "საქართველო – ღვინის სამშობლო" 10 მარტს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება.
სადგური ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა კუნძულს, რაც ზრდის მგზავრთა ნაკადს ამ მეტროსადგურში, სადაც დღეში საშუალოდ 50 ათასი ადამიანი გადაადგილდება.
"Tennozu Isle"-ში განთავსებულია საინფორმაციო-სარეკლამო პოსტერები და საინფორმაციო ბროშურები "საქართველო ღვინის სამშობლო", სადაც გადმოცემულია მოკლე ინფორმაცია საქართველოსა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ.
პროექტი "საქართველო – ღვინის სამშობლო", რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია "ქართული ღვინო" არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication-სა და კომპანია TOPPAN-თან პარტნიორობით. საგამოფენო ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.
13-01-2025