გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
"თურქეთში დავიბადე, მაგრამ... ვაზროვნებ, როგორც ქართველი"

24-04-2019

"თუ აქ ცხოვრება და მუშაობა გინდა, თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, ქართულიც უნდა იცოდე... მინდა, ჩემი შვილები ქართველებად გაიზარდონ"


"თურქეთში დავიბადე, მაგრამ ჩემი წინაპრები ქართველები იყვნენ, ქართული ფესვები მაქვს"- ამბობს ჩემი მასპინძელი, რომელმაც თავისი ქართული გენეალოგია ზედმიწევნით კარგად იცის - მის დიდ პაპას თავის დროზე ბათუმიდან ოსმალეთის იმპერიაში გადასახლება მოუწია…


"85 წლის დედაჩემი დღემდე ქართულად უკეთესად ლაპარაკობს, ვიდრე თურქულად. ასე, რომ გასაკვირი არაფერია იმაში, 90-იანებში საქართველოს რომ მოვაშურე სასწავლებლად. მშობლებს ძალიან გაუხარდათ, ამაყობდნენ ჩემი გადაწყვეტილებით", - გვიყვება ილიას ჩილოღლუ, ჩვენებურად, ილია ჭილაშვილი (ასე იპოვით "ფეისბუკზეც"), შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, რომელთანაც ბევრ რამეზე ვისაუბრეთ - 90-იანი წლების მოგონებებიდან დღევანდელი განათლების სისტემის ანალიზამდე.


"როცა საქართველოში ჩამოვედი, არ იყო შუქი, გაზი, ბნელი და ძნელი დრო იყო... მაგრამ რაც აქ ვიპოვე და რაც დღემდე ძვირფასია ჩემთვის, არის ერთად ყოფნისა და გულითადობის, მეგობრობის აურა, რომლითაც თითქოს ჰაერიც კი გაჟღენთილია. დღემდე მირეკავენ ჩემი ყოფილი კურსელები, რომლებიც საქართველოს ნოსტალგიას "უჩივიან", - ღიმილით გვიყვება ჩვენი რესპონდენტი.


დისერტაციის დაცვისა და შტატებში აკადემიური გამოცდილების მიღების შემდეგ, საქართველოში დაფუძნდა: "ჩემს ოჯახთან - მეუღლესა და სამ შვილთან ერთად, ბედნიერად ვცხოვრობ აქ, საქართველოში".


ხან კარზე ისმის კაკუნი, ხანაც ტელეფონი რეკავს, რასაც ბატონი ჩილოღლუ უნივერსიტეტის ღია კარის პოლიტიკას "აბრალებს" - "ჩვენ არ ვართ ბიუროკრატიულები. ყველას შეუძლია გვეწვიოს, ნებისმიერ დროს. ეს კარი ღიაა სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის, სტუმრებისთვის - მოდიან და კითხულობენ, რაც აინტერესებთ. ბარიერების არ ქონა ძალზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია…" - გვეუბნება და იქვე ამატებს:


"ცვლილებები, რაც საქართველომ ბოლო წლებში გამოიარა, მასშტაბური და შთამბეჭდავია, საქართველო ნამდვილად ხდება ევროპული ქვეყანა, რაც იმჟამად ცოტა რთული წარმოსადგენი იყო. შესანიშნავი შეგრძნებაა, როდესაც ხდები მოწმე იმისა, თუ როგორ იქცა უკიდურესად კორუმპირებული ქვეყანა სამყაროს ამ კუთხის ერთ-ერთ ყველაზე თავისუფალ და თანამედროვე სახელმწიფოდ".


რაც შეეხება ევროპულ ღირებულებებს, მისი აზრით, აქ მთავარ როლს სწორედ განათლების სექტორი თამაშობს: "განათლება გადამწყვეტია. ევროპელი რომ იყო, ევროპულად რომ იაზროვნო, ჯერ უნდა ისწავლო თუ რა არის ეს".


მისი აზრით, კიდევ ერთი ევროპული ასპექტი, რომელსაც საქართველოში არც თუ ისე დიდ ყურადღებას აქცევენ, თვითმმართველობაა. ბატონი ჩილოღლუ თვითმმართველობების ნამდვილი ფანია და შედეგად, იმ უნივერსიტეტში, რომელსაც ხელმძღვანელობს არაერთი სტუდენტური წრე, კლუბი თუ საზოგადოება არსებობს. მისი აზრით, "ეს მათ ეხმარებათ გუნდური მუშაობის პრინციპების შესწავლაში, კონსენსუსის პოვნასა და ერთობლივად წინსვლაში, რაც უმნიშვნელოვანესია ევროპული ყაიდის საზოგადოებისათვის".


უნივერსიტეტის მთავარ კოზირად ინგლისურენოვანი სწავლება რჩება, რაც უცხოელი სტუდენტების მოზიდვას უწყობს ხელს: "თითოეული უცხოელი, რომელიც ჩვენთან სასწავლებლად ჩამოდის, უკან, თავის ქვეყანაში კმაყოფილი, საქართველოს სიყვარულით და ხშირად, ქართული ენის ცოდნით "აღჭურვილი" ბრუნდება. ყველა მათგანი ამ ქვეყნის, ასე ვთქვათ, მოხალისე ელჩი ხდება. ბევრი კი უკანვე ბრუნდება და აქ კარიერას იწყებს ან ინვესტიციას აბანდებს".


თუმცა ყველაზე თვალშისაცემი ჩვენს საუბარში მაინც ისაა, თუ როგორი გზნებითა და გატაცებით საუბრობს შავი ზღვის უნივერსიტეტის რექტორი საკუთარ ქართველობაზე. "ქართული სისხლი მდის-მეთქი, ვთქვი ერთ ინტერვიუში ადრე და ისე მოეწონათ, სათაურად გამოიტანეს. ქართულად ვაზროვნებ - არ გეგონოთ, შთაბეჭდილების მოსახდენად ვამბობდე, რეალურად ასეა და ეს ყველაფერი ბუნებრივად ხდება".


სამი შვილის მამაა და ცდილობს, მისმა შვილებმაც ასევე განიცადონ ქართველობა, როგორც მათი წინაპრები განიცდიდნენ: "ინგლისურენოვან სკოლაში დადიოდნენ და ქართულენოვან სექციაში გადმოვიყვანე. თუ აქ ცხოვრება და მუშაობა გინდა, თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, ქართულიც უნდა იცოდე... მინდა, ჩემი შვილები ქართველებად გაიზარდონ", - გვეუბნება დამშვიდობებისას დაუფარავი სიამაყით.




kvieispalitra.ge

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2019    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930