გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: წარმატებების მიუხედავად, კვლავ არსებობს მტკივნეული გამოწვევები, როგორიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კატასტროფა

1-05-2019

ჩვენი მეგობრების ფასდაუდებელი წვლილისა და არსებითი მხარდაჭერის წყალობით, ჩვენი ქვეყანა იქცა რეგიონის ლიდერად და მოწინავედ დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-საქართველოს მთავრობის ერთობლივი მმართველი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა გაეროსა და მის 16 სააგენტოსთან სხვადასხვა სფეროში ეფექტიან თანამშრომლობას და განაცხადა, რომ ორგანიზაციის მხარდაჭერამ და ჩართულობამ საქართველოს წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.


„საქართველო დღესაც ერთგულია გაეროსა და მისი საქმიანობისადმი. გაეროსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებული ერთობლივი სტრატეგია „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის" მოიცავს ხუთ პრიორიტეტულ სფეროს: დემოკრატიული მმართველობა; სამუშაო ადგილები, საცხოვრებელი პირობები და სოციალური დაცვა; განათლება, ჯანდაცვა; მოქალაქეთა უსაფრთხოება და დაცვა და ეს სტრატეგია სრულ თანხმობაშია ჩვენი მთავრობის ვალდებულებებსა და ღირებულებებთან. გარდა ამისა, ერთობლივი სტრატეგიის ფარგლებში ჩამოყალიბებული 2019-2020 წლების პრიორიტეტები ეხმიანება ჩემი მთავრობის სექტორული პოლიტიკის და მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის მიზნებს, რაც საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ რეფორმების ეფექტიანად განხორციელებაში და დაპირებების პირნათლად შესრულებაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მამუკა ბახტაძე მიესალმა გაეროს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ორგანიზაცია საქართველოში გაზრდის სხვადასხვა პროექტის დაფინანსებას, რაც დადებითად აისახება საჯარო სექტორის განვითარებაზე, ადამიანის უფლებათა დაცვაზე და გენდერულ თანასწორობაზე, წვდომაზე ხარისხიან განათლებასა და ჯანდაცვაზე, ასევე უსაფრთხოების განმტკიცებაზე, გარემოს დაცვაზე, ბუნებრივი რესურსების მდგრად მენეჯმენტზე და ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებაზე.


პრემიერის თქმით, მიღწეული წარმატებების მიუხედავად, კვლავ არსებობს მტკივნეული გამოწვევები, როგორიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კატასტროფა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით აღნიშნულ რეგიონებში მოსახლეობის რაოდენობა 5-6-ჯერ შემცირდა. მამუკა ბახტაძემ ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" და ხაზი გაუსვა პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას მისი წარმატებით იმპლემენტაციის პროცესში.


მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა გაეროს წარმომადგენლობას საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველყოფისკენ მიმართული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა ორგანიზაციის საქმიანობას მომავალშიც შეუწყობს ხელს.


„გვწამს, რომ 2030 წლის დღის წესრიგის განსახორციელებლად გაღებული ძალისხმევის შედეგად, ჩვენ ყველასთვის უზრუნველვყოფთ უკეთეს მსოფლიოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


გაერო-საქართველოს მთავრობის ერთობლივი მმართველი კომიტეტის სხდომაზე საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ლუიზა ვინტონმა 2018 წელს განხორციელებული პროექტები და 2019 წლის პრიორიტეტები წარადგინა. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031