გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკში გორის ქალთა კამერული გუნდის მონაწილეობით კონცერტი გაიმართა

2-05-2019

"ბევრად მეტი, ვიდრე მხოლოდ ხელოვნება…” - ასე შეაფასა მსმენელმა დღეს, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართული საღამო მსოფლიოში აღიარებული გორის ქალთა კამერული გუნდის მონაწილეობით.


ლექცია-კონცერტის დაწყებამდე, კამერული გუნდის წევრებმა, სამხატვრო ხელმძღვანელმა თეონა ცირამუამ, ქართული საოპერო ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ, სენაკის საპატიო მოქალაქემ ანზორ შომახიამ, მერის პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, ხელოვნების ცენტრის დირექტორ ვეფხვია ვეფხვაძესთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის წარმომადგენლებთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - დრამატულ თეატრში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს.


შემდეგ, ქალაქის საპატიო სტუმრებს ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლამ უმასპინძლა.


არტისტიზმით, მაღალი საშემსრულებლო მანერით, მისეული ხედვით გამორჩეულმა კამერულმა გუნდმა, რომელსაც 6 წელია სათავეში უნიჭიერესი მუსიკოსი და დირიჟორი თეონა ცირამუა უდგას, ლექცია-კონცერტი გამართა.


მსმენელს გორის ქალთა კამერული გუნდის მიღწევებსა და მსოფლიო აღიარებაზე ქართული საოპერო ხელოვნების მოღვაწე, კამერული გუნდის კონსულტანტი ანზორ შომახია ესაუბრა.


კამერული გუნდის მიერ შესრულებულმა კლასიკურმა შედევრებმა, ფოლკლორის ნიმუშებმა, სხვადასხვა ქვეყნების მრავალფეროვანი სტილისა და მიმდინარეობის მუსიკამ მაყურებელი აღაფრთოვანა.


სენაკელთათვის დაუვიწყარი საღამო ექსპრომტად შესრულებული მეგრული სიმღერით დასრულდა, რომლსაც აკომპანირებას ხელოვნების ცენტრის პედაგოგი ლალი გოგია უწევდა.


გორის ქალთა კამერული გუნდი წარმატებული მოღვაწეობის 49 წელს ითვლის. თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მქონე კამერული გუნდის შექმნა საქართველოს სახალხო არტისტის, რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის პრემიების ლაურეატის, შალვა მოსიძის სახელთანაა დაკავშირებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930