3-05-2019
სომხური გამოცემა «Новое время», სომხური ატომური ელექტროსადგურის მიერ მოხმარებული რადიოაქტიური ნივთიერებების ნარჩენების სომხეთიდან გატანის საკითხს, რომელიც სავარაუდოდ საქარTველოდან უნდა განხორციელდეს, ვრცელ სტატიას უძღვნის.
მიუხედავად ქართველი ეკოლოგების მიერ დანახული საფრთხეებისა, სტატიის ავტორი, არტემ ერკანიანი მიიჩნევს, რომ „სახიფათო ტვირთი არცთუ ისე სახიფათოა“.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
„რადგანაც ერთადერთი გზა საქართველოზე გადის, ბაქო ცდილობს თბილისზე ზეწოლა მოახდინოს და უარი ათქმევინოს კონტენეირების გადატანაზე, საქართველოს ტერიტორიის გავლით. აზერბაიჯანში გულწრფელად სჯერათ იმისა, რომ ასეთი მოქმედებით სომხეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნიან“, - წერს ავტორი და იქვე მკითხველს ბირთვული საწვავის ნარჩენების გატანასთან დაკავშირებულ ისტორიას აცნობს: საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად, ატომურ რეაქტორებში გამოყენებული ბირთვული საწვავის ნარჩენები შემდგომი გადამუშავებისათვის ისევ იმ ქვეყანაში უნდა გადაიგზავნოს, სადაინაც ის არის იმპორტირებულია, ანუ რუსეთში. სომხეთის აეს-იდან უკანასკნელად კონტეინერები რკინიგზით რუსეთში 1989 წელს გაიგზავნა, აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით. მოგვიანებით კი, რეგიონში სტუაციის გამწვავების გამო, ეს გზა ჩაიკეტა, სომხეთი იძულებული გახდა, ევროპის სახელმწიფოების დახმარებით ბირთვული საცავი აეშენებინა და რადიოაქტიური ურანის ნარჩენები იქ შეენახა.
„პრობლემა იმაშია, რომ პროექტის მიხედვით, საცავის ექსპლოატაციის ხანგრძლივობა 40-50 წელიწადია, ანუ მას მალე ვადა გასდის. ამრიგად, სამზადისი ახლავე უნდა დავიწყოთ: ან საცავის მოცულობა უნდა გავზარდოთ, მისი მოდერნიზების გზით, ან ახალი ავაშენოთ, რაც ძალიან ძვირია. უფრო სწორი იქნებოდა ნარჩენების რუსეთში გატანა, მაგრამ როგორ და რომელი მიმართულებით?
სატრანსპორტო მარშრუტების არჩევანი, როგორც ცნობილია, მდიდარი არ არის. ქართული მარშრუტის ალტერნატივა პრაქტიკულად არ არსებობს. ირანის მიმართულებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია: თუნდაც ირანელმა პარტნიორებმა ტრანზიტის ნებართვა მოგვცენ, კონტეინერებმა ან თურქმენეთისა და ყახაზეთის ტერიტორია უნდა გაიარონ, ან კასპიის ზღვით უნდა იქნეს გადაზიდული, რაც არარეალურია.
რა თქმა უნდა, ქართულ ტრანზიტსაც აქვს თავისი სირთულეები, რაც იმაში გამოიხატება, რომ რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირება ავტოტრანსპორტით უნდა მოხდეს. თბილისს რუსეთთან სარკინიგზო კავშირი აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით აქვს, აზერბაიჯანი კი, რასაკვირველია, სომხურ კონტეინერებს არ გაატარებს. ეს ნიშნავს, რომ სარკინიგზო ვერსია მხედველობაში არ მიიღება: ბირთვული საწვავი ხომ სამშენებლო მასალა არ არის, რომ სომხეთმა ქართული კომპანიების დაყოლიება მოახერხოს, აზერბაიჯანის ტერიტორიის დაუბრკოლებელ გასავლელად... ერთადერთი ავტომაგისტრალი, რომელიც საქართველოს რუსეთთან აკავშირებს, ზემო ლარზე გადის. ეს ტრასა ძალიან რთული რელიეფით გამოირჩევა, არსებობს მეწყერული უბნებიც, პლუს ამას - ბოლო დროს ძალზე გადატვირთულია. ჰოდა, ქართველმა ეკოლოგებმაც დაიწყეს პრეტენზიების გამოხატვა, რომ რაიმე რომ მოხდეს გზაზე, ტვირთის უსაფრთხოება დაცული არ იქნებაო. კიდევ ერთი არგუმენტი, რომლითაც ეკოლოგები სარგებლობენ: რადიოაქტიური ნარჩენები შეიძლება რუსეთმა სამხედრო მიზნებისათვის გამოიყენოს, რაც საქართველოსთვის მიუღებელიაო.
დავიწყოთ ბოლოდან: სამხედრო მიზნებისათვის გამოყენების შიში უსაფუძვლოა - ატომური ბომბის დასამზადებლად საჭიროა პლუტონ-239, სომხეთის აესი კი პლუტონ-240-ს იყენებს. ანუ, ეს თემა დახურულია. რაც შეეხება საქართველოს სამხედრო გზით სპეციალური ტვირთის გადატანის უსაფრთხოების საკითხს, აქ სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის: კონტეინერების გადატანის დროს გზა სხვა ავტოტრანსპორტისათვის უნდა გადაიკეტოს, ათი საათის განმავლობაში მაინც. რსაკავირველია, ეს ნაკლებად სასიამოვნოა, მაგრამ საქართველო ამისთვის სომხეთისაგან კომპენსაციას - მნიშვნელოვან თანხას მიიღებს. გარდა ამისა, სპეციალისტთა თქმით, ავტომობილებით რადიოაქტიური ნარჩენების გადაზიდვა სრულიად უსაფრთხოა, კონტეინერები ცირკონიუმის შემცველ მტკიცე შენადნობებითაა დამზადებული და არანაირი ნივთიერების გაჟონვა არ მოხდება, თუ, რა თქმა უნდა, მას რაკეტულ დარტყმას არავინ მიაყენებს...
ქართველი ეკოლოგების განცხადებებში ბაქოური კვალის დადასტურება რთულია, მაგრამ ლოგიკა გვკარნახობს, რომ ძაფის სათავე სწორედ აზერბაიჯანში იწყება: ბირთვული საწვავის ნარჩენების გადაზიდვის მოწინააღმდეგე სხვა ხომ არავინ არ არის... ილჰამ ალიევის ადმინისტრაცია ყველანაირი ხერხებით შეეცდება წაახალისოს ანგაჟირებული ეკოლოგების აქტიურობა სომხეთისათვის „გამოუვალი მდგომარეობის“ შექმნის მიზნით. ამის შედეგად შეფერხდება ახალი ბლოკების მშენებლობა და სომხეთი ენერგეტიკული კრიზისი დაიწყება.
ამ ეტაპზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის პოზიცია უცნობია, თუმცა ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ რადიაქტიური უსაფრთხოების ქართულ კანონში ამას წინათ ცვლილებები იქნა შეტანილი - ადრე კანონი ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული ნარჩენების გადაზიდვას კრძალავდა, ახლა კი მოთხოვნები შერბილებულია. ეს პრაგმატული მიდგომაა: თუ საქართველო დათანხმდება სომხეთის თხოვნას, მაშინ თბილისი ერევნისაგან იოლად მიიღებს მნიშვნელოვან თანხას. მთავარია, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს ქართველმა ლიდერებმა ანგარიში გაუწიონ არა სპეკულაციურ, არამედ რეალურ არგუმენტებს. იმედია, ქართველი მმართველები მოახერხებენ ბაქოს ზეწოლისადმი წინააღმდეგობას“, - ასე ოპტიმისტურად მთავრდება პუბლიკაცია.