გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
OGP-ის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრა გაიმართა

5-02-2018

თბილისის მერი კახა კალაძე და „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი OGP-ის აღმასრულებელ დირექტორს, სანჯაი პრადჰანს შეხვდნენ.


შეხვედრაზე საუბარი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ხაზი გაესვა, რომ თბილისი ერთ-ერთი პირველი დედაქალაქია ორგანიზაციის 75 წევრი ქვეყნის დედაქალაქებს შორის, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობას“ შეუერთდა და გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით, ვალდებულებები აიღო.


კახა კალაძემ OGP-ის აღმასრულებელ დირექტორს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო, რომლებიც, მისი თქმით, თვითმმართველობის საქმიანობაში, საკუთარი რაიონის ბიუჯეტის დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღებაში მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას შეუწყობენ ხელს.


მხარეებმა ასევე, მეხუთე გლობალური სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრეს. სანჯაი პრადჰაის განცხადებით, საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის ქვეყნებს შორის უპირობო ლიდერია, რომლის დასტურიც არის ის, რომ საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.


„თბილისს ექნება უნიკალური შესაძლებლობა, პარიზის მსგავსად, რომელმაც წინა სამიტს უმასპინძლა, სხვადასხვა დედაქალაქის მერები მოიწვიოს და მათთვის ღია მმართველობის მაგალითი გახდეს. მე პირადად, თბილისში ამის ყველა შესაძლებლობას ვხედავ. ამდენად, თქვენ, როგორც დედაქალაქის მერს, გაქვთ დიდი პასუხისმგებლობა და ასევე შესაძლებლობა, თქვენი ქალაქის კარი გაუღოთ მსოფლიოს დედაქალაქებს და საკუთარი წარმატება აჩვენოთ“, - მიმართა სანჯაი პრადჰაიმ კახა კალაძეს.


თბილისი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტს 17-19 ივლისს უმასპინძლებს.


OGP-ის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრა ევროპის „ღია მმართველობის პარტნიორობის” ლიდერთა ფორუმის ფარგლებში გაიმართა და მას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში კარლო სიხარულიძე დაესწრო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930