გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ღარიბაშვილი: ნუ მოვექცევით უსამართლოდ ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეებს

17-05-2019

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჭაითურაში მოსახლეობას სიტყვით მიმართა.


"მინდა ყველას მოგესალმოთ დიდი პატივისცემით და ჩემი გამოსვლა მაღაროელების მიმართ სოლიდარობით დავიწყო . მინდა მათ მივმართო, ჩემო ძვირფასო მშრომელებო, თქვენი პროტესტი სამართლიანია და თქვენს ამ გულწრფელ პროტესტს, რა თქმა უნდა, დროული რეაგირება სჭირდება. როგორც ჩემმა მეგობარმა კახამ აღნიშნა, ჩვენ შევხვდებით ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ძმებს, მოვისმენთ პირადად მათ პრობლემებს და ვპირდებით, რომ ვიქნებით შუამავალი მენეჯმენტ კომპანიასთან, რომ მათი ყველა პრობლემა შეძლებისდაგვარად გადაწყდეს დროულად და მათი პირობები გაუმჯობესდეს.


მინდა გავიხსენო რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, როცა ჯერ კიდევ მთავრობის მეთაურად ვმუშობდი. მაშინ მსგავსი პრობლემებით ჩემთან მოვიდნენ მაშინდელი გამგებელი, ბატონი სულხან მახათაძე და მაშინ უშუალოდ ჩემი ჩართულობით შევძელით და წამოვიყვანეთ დათმობაზე მაშინდელი კომპანია და მენეჯმენტი. ძირითადი მოთხოვნები, რასაც ეს ხალხი აყენებს არის ძალიან მარტივი და აბსოლუტურად გასაგები. მე მოვისმინე თქვენი მაჟორიტარისგან, რომ ჩვენს მაღაროელებს აქვთ ელემენტარული პრობლემები.


მაგალითად, კვების პრობლემა, ის, რომ მენეჯმენტმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ნორმალური კვება, ეს არის ნომერ პირველი ამოცანა. მე ძალიან მაინტერესებს, უბრალოდ მინდა მოვისმინო კომპანიის პასუხი, რატომ არ ხდება ამ პრობლემის მოგვარება. ის, რომ ჩვენს მაღაროელებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი და ღირსეული ჯანდაცვა , არის თუ არა ეს სამართლიანი მოთხოვნა. ის, რომ მათი ოჯახის წევრებს უნდა ჰქონდეთ დაზღვევა, არის თუ არა ეს სამართლიანი მოთხოვნა? ! და კიდევ, გეტყვით, რომ დაახლოებით ოთხი წლის წინ, მაშინ ერთ-ერთი ჩვენი პირობა იყო , რომ კომპანიას დაეფინანსებინა საავადმყოფო ამ მაღაროში მომუშავეთათვის. მაშინ ეს პირობა და ვალდებულება მივიღეთ, მაგრამ რატომღაც ეს პირობა არ შეასრულეს. ამიტომ, მე მინდა მივმართო ღიად კომპანიას, რომელიც დღეს მართავს ამ ძალიან სერიოზულ აქტივს - მე მოგმართავთ, რომ შეასრულოთ თქვენი მოცემული პირობა ამ ხალხის წინაშე და ნუ მოვექცევით უსამართლოდ ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეებს.


რაც შეეხება დღევანდელი ჩამოსვლის მიზეზს, ჩვენ ვუერთდებით ჩვენი ძალიან ღირსეული კანდიდატის, ჭიათურელის, ბატონი გივი მოდებაძის წარდგენას და ვუდასტურებთ მხარდაჭერას. გვჯერა, რომ ის ღირსეულად მოემსახურება ჩვენს ხალხს , თქვენ ჭიათურელებს და გააკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ თქვენს წინაშე არსებული პრობლემები ეტაპობრივად გადაიჭრას. ბოლოს მე მინდა შევახსენო ყველას და ჯერ კიდევ სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებად წოდებულებს დღევანდელი მდგომარეობა, რის გამოც ჩვენი ჭიათურელები აპროტესტებენ მათ ყოფას. ეს, რა თქმა უნდა, დაიწყო ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს.


მე მინდა ისტორია შევახსენო დემაგოგ და ჯერ კიდევ პოლიტიკოსებად წოდებულ ამ მართლაც კრიმინალებს. 2007 წელს, მე ვიცი კარგად ეს, მათ ხელოვნურად გააკოტრეს ეს საწარმო , მრავალმილიარდიანი საწარმო, რომელიც ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს კუთვნილება იყო და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, კორუფციული გარიგების საფუძველზე, სააკაშვილმა და მისმა ოჯახმა ჩამოიყვანეს ინვესტორი და სულ რაღაც მიზერულ ფასად, მიზერულს ვახსენებ, იმიტომ, რომ 100 მილიონი თუნდაც არის ძალიან მცირე ასეთი უზარმაზარი საწარმოსთვის და არავითარი ვალდებულება არ ჩაუწერეს. დაახლოებით 7,თუ 8 წლის განმავლობაში არავითარი ვალდებულება ეკოლოგიური მიმართულებით კომპანიას არ ჰქონდა. ჩვენი ხელისუფლების დროს ჩვენ კომპანიას დავუდგინეთ შესაბამისი მოთხოვნები, რომ მათ უნდა გამოესწორებინათ ადგილობრივი სიტუაცია, ის ეკოლოგიური ზიანი, რომელიც მიადგა გარემოს საჭიროებდა დროულ რეაგირებას. მაშინ ამ კომპანიას ძალიან მაღალი ჯარიმაც დაერიცხა და ზიანის ანაზღაურებაც მოეთხოვა.


დღემდე მოვედით ისე, რომ წარსულში გაფუჭებული ეს პრობლემები ჩვენ დაგვხვდა, მაგრამ მე მჯერა, რომ კომპანიის დღევანდელი მენეჯმენტი გაითვალისწინებს ჩვენი მაღაროელების ობიექტურ მოთხოვნებს და მათ ძალიან დროულად გადაუჭრის ამ საკითხებს. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოგახსენოთ თქვენი მოთმინებისთვის. ყველა ხელისუფლების ვალია, რომ გემსახუროთ თქვენ, როგორც ოჯახის წევრებს. დღეს არის ოჯახის სიწმინდის დღე, მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე , გისურვოთ გამძლეობა, მხნეობა და თქვენი ოჯახების და ჩვენი დიდი ოჯახის საქართველოს ძლიერება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930