გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე ღორჯომის მოსახლეობას: მშენებარე გზა, რომელსაც უმოკლეს ვადაში დავასრულებთ, არის სტრატეგიული მნიშვნელობის გზა საქართველოსთვის

17-05-2019

"საქართველოს სიმდიდრე არის მთა და ის ხალხი, რომელიც ამ მთას ამაგრებს", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომის მოსახლეობას, რომელსაც დღეს შეხვდა.


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ზემო აჭარის განსაკუთრებულ დატვირთვას და აღნიშნა, რომ ყველაზე უკეთ სწორედ იქ იგრძნობა სახელმწიფოს ძლიერება, სახელმწიფოებრივი და პატრიოტული აზროვნება.


"ჩემთვის ზემო აჭარაში სტუმრობა ყოველთვის განსაკუთრებით ემოციურია. აქ ძალიან მაგარი ხალხი ცხოვრობს. ვიცი, რომ ძალიან ბევრი პრობლემებია საქართველოს მთაში, ყველგან, მაგრამ მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ, რომ საქართველოს მთა შეუნარჩუნეთ. მთაზე დიდი სიმდიდრე ჩვენ არ გვაქვს. ამის ილუზია არავის არ ჰქონდეს. საქართველოს სიმდიდრე არის მთა და ის ხალხი, რომელიც ამ მთას ამაგრებს", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივებს.


მამუკა ბახტაძე მოსახლეობას აჭარის რეგიონში დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზეც ესაუბრა. მთავრობის მეთაურის დავალებით, ღორჯომში მაღალი ხარისხის სამედიცინო პუნქტის მშენებლობა წელსვე დაიწყება.


"ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებზეც ათწლეულების განმავლობაში საუბრობდნენ, ან იწყებდნენ და არ აკეთებდნენ. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. მშენებარე გზა, რომელსაც უმოკლეს ვადაში დავასრულებთ, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც თითოეული თქვენგანისთვის, ასევე ეს არის სტრატეგიული და ეროვნული მნიშვნელობის გზა საქართველოსთვის. ის ახალ სიცოცხლესა და ენერგიას შემოიტანს ამ ულამაზეს კუთხეში", - განაცხადა პრემიერმა.


ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ეროვნული იდეის - განათლების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ მაღალმთიან აჭარაში, ისევე, როგორც საქართველოს ყველა რეგიონში ახალი, თანამედროვე სკოლები, საბავშვო ბაღები და პროფესიული სასწავლებლები აშენდება.


"ჩვენი ბავშვები, ჩვენი მომავალი თაობა არის ყველაზე დიდი სიმდიდრე. იცით ჩემი დამოკიდებულება განათლების მიმართ. ჩვენ ძალიან ნიჭიერი ბავშვები გვყავს. გპირდებით, საქართველოში ყველგან და პირველ რიგში თქვენს კუთხეში იქნება ყველაზე მაგარი სკოლები და ბაღები, რაც დღეს აქ პრობლემაა და ამას აუცილებლად მოვაგვარებთ. გაიხსნება ყველაზე მაგარი პროფესიული სასწავლებლები, სადაც თქვენი შვილები და მომავალი თაობები საუკეთესო განათლებას მიიღებენ, რადგან თქვენ ხართ ხალხი, რომელსაც წიგნი და შრომა ყველაზე მეტად უყვარს. ამისთვის დიდ მადლობას გიხდით", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა შეკრებილებს.


მთავრობის მეთაურისა და მოსახლეობის შეხვედრა ღორჯომის კულტურის სახლში გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930