გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ავსტრიაში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში ირაკლი პეტრიაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერს შეხვდა

22-05-2019

ავსტრია ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის ყრილობას მასპინძლობს. ვენაში ევროპის პროფკავშირების 100-ზე მეტი პროფკავშირული ლიდერი და მაღალი რანგის სტუმარი შრომის საკითხებსა და პერსპექტივებზე სამსჯელოდაა შეკრებილი. საარჩევნო ყრილობა ოთხ დღეს გასტანს. განიხილავენ ისეთი მნიშვნელობის საკითხებს, როგორიცაა: სოციალური სამართლიანობა ევროპაში, ევროპული ღირებულებები, ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნის და ევროპაში ხელფასების მატების საჭიროება. ყრილობას უძღვებიან და მასში აქტიურად მონაწილეობენ შარან ბაროუ - პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი, ლუკა ვინსენტინი - ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის გენერალური მდივანი, ვოლფგანგ კაციანი - ავსტრიის პროფკავშირების პრეზიდენტი და ირაკლი პეტრიაშვილი - პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი.

შეხვედრის ავსტრიაში ჩატარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნის ხელისუფლებაც. ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ვენის მერმა მიქაელ ლუდვიგმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორმა გაი რაიდერმა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტმა ირაკლი პეტრიაშვილმა, რომელთა გამოსვლების დიდი ნაწილიც სწორედ სოციალურ სამართლიანობაზე მსჯელობასა და პროფკავშირების როლსა და მნიშვნელობას შეეხო.
აღსანიშნავია, რომ ყრილობაში მონაწილეობენ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ანტონიო კოსტა, ევროპარლამენტის წევრები და ავსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი პარტიის ხელმძღვანელები.

ნიშანდობლივია ისიც, რომ ევროპის პროფკავშირები აქტიურად განიხილავენ "სოციალური კონტრაქტის" ფორმატს, რომელიც მთავრობებს სოციალურ საკითხებზე შეთანხმების ახალ ფორმას სთავაზობს.
განხილვის საგანია - შრომის მომავალი სავარაუდო პერსპექტივით.

პროფკავშირების პრესსამსახურის ინფორმაციით, ყრილობის პარალელურად ირაკლი პეტრიაშვილს არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერთან და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ, პრემიის გამარჯვებულ ეკონომისტ იოზეფ სტიგლიცთან . ირაკლი პეტრიაშვილმა ჟან კლოდ იუნკერს ბოდიში მოუხადა, რომ მასთან იმ საკითხების დაყენება და განხილვა უწევს, რომელიც წესით საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან უნდა იხილებოდეს, თუმცა სოციალური დიალოგის არ არსებობის გამო - სწორედ ევროკომისიის პრეზიდენტს სთხოვა მეტი სიმკაცრით მიუდგეს და გავლენა მოახდინოს საქართველოს მთავრობაზე, რათა დაიცვას მთავარი ღირებულებები, რაც პროფკავშირთან და ხალხთან დიალოგს გულისხმობს და რაც ასე ძველი ჩინურივით გაუგებარია საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც არწმუნებს ევროკავშირს თითქოს მნიშვნელობას ანიჭებს აღნიშნულ საკითხებს.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება - ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითვლის 150 000მდე წევრს. მისი წევრია 21 დარგობრივი პროფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია: საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარისა და აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებები, ცხინვალის სამხარეო პროფკავშირის ცენტრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERK) დამფუძნებელი და წევრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930