გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

24-05-2019

საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული მზარდი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის შორის განხილვის მთავარი თემა.


შეხვედრაზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩევლისა და საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი ისტორიულად შეფასდა და აღინიშნა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბოლო 23 წლის განმავლობაში, ეს არის ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩინეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობა პრიორიტეტულია.


ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის საკითხებს და საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველო ამაყობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით ჩინეთთან, რომელიც მსოფლიოს უსწრაფესად მზარდი ეკონომიკაა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქართული მხარე მოწოდებულია, ახალ ეტაპზე გადაიყვანოს და კიდევ უფრო გააფართოოს თანამშრომლობა ჩინეთთან.


ყურადღება გამახვილდა „სარტყელისა და გზის" გლობალურ ინიციატივაზე (Belt and Road Initiative) და ამ პროექტში საქართველოს უფრო მეტ ჩართულობაზე. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სრულად იზიარებს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს სატრანსპორტო-სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრი ევროპასა და აზიას შორის.


აღინიშნა, რომ ჩინეთიდან საქართველოში პირველი მატარებელი „საქართველოს რკინიგზაში" მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობის დროს შემოვიდა, რითაც ახალ დონეზე გადავიდა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა.


ვან იმ მამუკა ბახტაძეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ლიდერის (პრემიერ-მინისტრი) მოკითხვა გადასცა და აღნიშნა, რომ მისთვის საქართველოში სტუმრობა განსაკუთრებული პატივია. მისი შეფასებით, საქართველო სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა მისასალმებელია.


ვან იმ ჩინელი ხალხისა და მთავრობის სახელით, პრემიერს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930