1-06-2019
"საჯარო იქნება პროცესი, იქნება ინტერვიუები გასაუბრებები ამის საფუძველზე მოხდება სიის დაყვანა 20 კაცამდე და ეს პროცესი ჩაივლის, ბუნებვრივია, საზოგადოების დაკვირვების ქვეშ და თითოეულ ჩვენგანს გვექნება დაკვირვების საშუალება. პარლამენტიც ღია პროცედურის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მსურველთა სიის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გამჭირვალობა და ობიექტურობა არის იმის გარანტი, რომ უზენაეს სასამართლოში სათანადო პირები აირჩევიან.
"ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ყველა შესაბამისი ობიექტური კრიტერიუმით, ეს არის, რა თქმა უნდა, გამოცდილება, კვალიფიკაცია, კეთილსინდისიერება, წარსული, დღევანდელი საქმიანობა და ყველა ის ობიექტური კრიტერიუმი, რომელიც ასახულია იმ კანონში, რომელიც ჩვენ მივიღეთ.
ეს არის გარანტია და საფუძველი იმისა, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენ ავირჩევთ სათანადო კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე" - განაცხადა კობახიძემ.