გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ცქიტიშვილი: მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ანაკლიის პორტის პროექტის ფინანსური დახურვის ვადას ექვსი თვით გაუხანგრძლივებს

12-06-2019

მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ანაკლიის პორტის პროექტის ფინანსური დახურვის ვადას ექვსი თვით გაუხანგრძლივებს – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ანაკლიის პორტის პროექტის ფინანსური დახურვის დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას ვადების გახანგრძლივების თხოვნით მიმართა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსური დახურვისთვის დრო 15 ივნისამდე ჰქონდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ განუცხადეს, ვინაიდან, რვა პუნქტიან მოთხოვნებთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის და მოლაპარაკებები გრძელდება, ვადის გახანგრძლივების საკითხი ავტომატურად დადგა.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და მთავრობის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ აღინიშნა, რომ ძირითადად შესათანხმებელი რჩება ერთი პუნქტი, რომელიც ტვირთბრუნვაზე გარანტიებს უკავშირდება. ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსებისთვის რვა პუნქტიანი მოთხოვნა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა დააყენეს.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” მთავრობა ვალდებულებებს გადაუვადებს და აღნიშნული საკითხი უახლოეს მთავრობის სხდომაზე განიხილება. მისი თქმით, გაგრძელდება დიალოგი და კომუნიკაცია, რათა კონსორციუმმა შეძლოს აღებული ვალდებულებების შესრულება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930