20-06-2019
აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა.
"ყველასთვის ძალიან მძიმე სანახავი იყო ის, რაც დღეს ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში. რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი და ამ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი იჯდა თავმჯდომარის სკამზე, რაც იყო, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მძიმე სანახავი, მძიმე სურათი.
მე სამწუხაროდ, არ მქონდა მყისიერად საჯაროდ რეაგირების საშუალება, გამომდინარე იქიდან, რომ არ ვარ საქართველოში, არ ვიყავი იმ მომენტში საქართველოში. შემატყობინეს ამ ფაქტის თაობაზე და როგორც კი შევიტყვე, მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება და ასეთი ფორმით სესიის გაგრძელების არდაშვება. ასეთი იყო მოვლენების განვითარება.
კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. ამაზე ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ გუშინაც, როდესაც ვმონაწილეობდი სესიის გახსნაზე. იმ ქმედებებს, რომელიც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციიდან, არ აქვს, ბუნებრივია, არაფერი საერთო არც ქრისტიანობასთან, არც მართლმადიდებლობასთან და ეს არის ის ფაქტი, რაზეც ჩვენ ყოველთვის გაამახვილებთ ყურადღებას.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, იყო აბსოლუტურად მიუღებელი" - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტში რუსმა დეპუტატმა, გავრილოვმა პარლამენტის თავჯდომარის სკამი დაიკავა და სესიას გაუძღვა.