გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრეზიდენტი: დღეს ჩვენ არ გვაქვს უფლება, საზოგადოება დავყოთ ხელისუფლებად, პოლიციელებად, პარტიებად და რიგით მოქალაქეებად - ეს საერთო ტრაგედიაა

21-06-2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მინსკში სამუშაო ვიზიტის შეწყვეტის შემდეგ, საგანგებო განცხადება გააკეთა:


,,ერთი მხრივ, ხელისუფლება და, კერძოდ, საკანონმდებლო ორგანო ვერ მოიხსნის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მომხდარზე, - და უკვე ვნახეთ, რომ მან არ მოიხსნა ეს პასუხისმგებლობა. პოლიტიკა, ქვეყნის მართვა ნიშნავს რისკებისა და შედეგების წინასწარ გათვლას.


ეს პირობა გუშინწინ და გუშინ დაირღვა, რის შედეგადაც მივიღეთ მართლმადიდებლური ასამბლეის გაუმართლებელი მოწვევა, სრულიად მიუღებელი ფორმატი და რუსი დელეგატი პარლამენტის უმაღლეს სავარძელზე.


მომხდარმა უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს საზოგადოებას და გამოიწვია მთელი ერის პროტესტი.


არ არის გამორიცხული, რომ ამ მოვლენების განვითარებაში გარკვეული პროვოკაციების ნიშნები იყოს, მაგრამ ეს ვერ იქნება პასუხისმგებლობის შემცირების მიზეზი.


პასუხისმგებლობის აღებაში იგულისხმება მოვლენათა მთელ ჯაჭვზე განმარტების გაკეთება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა. ველოდები, რომ ხელისუფლება ამ ტრაგედიას სწორად შეაფასებს და ყველაფერს პასუხი გაეცემა.


მეორე მხრივ, აუცილებელია, დაისვას იმ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ყველა შესაძლო ხერხის გამოყენებით ქვეყანა ასეთი საფრთხის წინაშე დააყენა.


ნათელია მათი მიზანი, ვისაც სურს მხოლოდ ესკალაცია და ვის გეგმაშიც შედის დესტაბილიზაცია. მათი მიზანია, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით განახორციელონ რუსეთის საუკუნოვანი გეგმა - გახლიჩოს ქართული საზოგადოება, დაასუსტოს, დაამონოს სახელმწიფო და შეარყიოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მთავარი საფუძველი.


მთელმა საზოგადოებამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანაში დაპირისპირება დიდ დარტყმას აყენებს თითოეულ ჩვენგანს, მთელ სახელმწიფოს და აძლიერებს მტერს. მაშინ, როდესაც მეზობელ ქვეყანას ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, ყველას მოგვეთხოვება ძალიან დიდი სიფრთხილე.


დღეს ჩვენ არ გვაქვს უფლება, საზოგადოება დავყოთ ხელისუფლებად, პოლიციელებად, პარტიებად და რიგით მოქალაქეებად. ეს არის საერთო ტრაგედია. ახლა მთავარია, გვეყოს ძალა ჩვენს თავში, ამ ტრაგედიამ არ გაგვტეხოს და მთავარი გზიდან არ გადაგვახვევინოს.


მოვუწოდებ საზოგადოებას დამშვიდებისკენ. არ წამოვეგოთ ახალ პროვოკაციებს, არ ავყვეთ დესტრუქციულ მოწოდებებს.


მე მჯერა თქვენი გონივრული გადაწყვეტილების.


მე მზად ვარ, შევხვდე ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ემიჯნება ან გაემიჯნება ქვეყნისთვის დამღუპველ და დესტრუქციულ მოწოდებებს.


გაერთიანებაში, შერიგებაში და ჩვენს ევროპულ გზაშია ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა.


რუსეთს მხოლოდ ასე აღვუდგებით წინ. ოკუპაციას მხოლოდ ასე ვუპასუხებთ. მსოფლიოს მხოლოდ ასე დავანახებთ საქართველოს ღირსებას", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930