1-07-2019
კახა კალაძემ მმართველი გუნდის საკონსტიტუციო ინიციატივის ,,პროპორციული არჩევნები 2020“-ის
პრეზენტაცია გამართა. მან დამსწრე პოლიტიკოსებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„დღევანდელი შეკრების მიზეზი, ვფიქრობ, ყველამ კარგად იცით. გვსურს წარმოგიდგინოთ საკონსტიტუციო ინიციატივა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით და რაც მთავარია ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ.
საზოგადოებამ იცის, წლებია ეს საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას, არაერთხელ გამართულა მსჯელობა ამასთან დაკავშირებით, თუმცა რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით გადაიდგა 2012 წლის შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში.
2017-2018 წლებში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის საფუძველზე გადაიდგა პრინციპული ნაბიჯი და შემოღებული იქნა პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც 2024 წლიდან უნდა შესულიყო ძალაში და 2024 წელს უნდა ჩატარებულიყო არჩევნები პროპორციული სისტემით.
აღნიშნული ცვლილება იყო საკონსტიტუციო რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის შეუქცევად, დემოკრატიულ განვითარებას.
უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა პროცესებმა გვიჩვენა, რომ პოლიტიკური სისტემის განვითარებაში ფუნდამენტური ცვლილებების შეტანა იყო საჭირო. ქვეყნის მართვა სხვადასხვა პოლიტიკური, საზოგადოებრივი სუბიექტის ფართო პოლიტიკური კონსენსუსის და შესაბამისი პასუხისმგებლობის ფართოდ გადანაწილების პირობებში უნდა გაგრძელდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის.
ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავება უფრო საზოგადობრივი და პოლიტიკური კონსენსუსის, პასუხისმგებლობის გაზიარების პირობებში და მაქსიმალურად პლურალისტურ გარემოში უნდა იქნეს უზრუნველყოფილი. ამ მიდგომების შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, საზოგადოებას ვთავაზობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლას ნულოვანი ბარიერით.
ეს არის პრინციპული პოლიტიკური ინიციატივა, რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებას შეიტანს საქართველოში პოლიტიკური სისტემისა და პოლიტიკური კულტურის განვითარებაში. როგორც უკვე აღვნიშნე, პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, პოლიტიკური სისტემის გამართული ფუნქციონირება განსაკუთრებით მაღალ პოლიტიკურ კულტურას, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციულ დამოკიდებულებას და ეროვნული მიზნების გარშემო პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას მოითხოვს. შესაბამისად, მინდა ვთხოვო ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომ ამ მიდგომით გააგრძელონ თავიანთი პოლიტიკური საქმიანობა. ამისთვის არსებობს შესაბამისი პლატფორმა და ჩვენ მზად ვართ დეტალურად განვიხილოთ ყველა ეს საკითხი და ნიუანსი“, - განაცხადა კახა კალაძემ.