1-07-2019
პარლამენტის თავჯდომარის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ პირველი კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ის რაც პარლამენტში მოხდა სრულიად მისი, როგორც პარლამენტის თავჯდომარის პასუხისმგებლობა იყო და სწორედ ამიტომაც გადადგა.
„იყო სხვადასხვა ნიუანსი, თუმცა არ აქვს ამას მნიშვნელობა. ფაქტი ერთია, საბოლოო ჯამში პარლამენტის თავჯდომარე არის პასუხისმგებელი სრულად, იმაზე რაც ხდება პარლამენტის შენობაში. აქედან გამომდინარე რაც მოხდა პარლამენტის შენობაში, ვგულისხმობ რუსი დეპუტატის ჯდომას პარლამენტის თავჯდომარის სკამზე, ეს იყო ძალიან მძიმე მოვლენა და რა თქმა უნდა მთელი პასუხისმგებლობა მიდის პარლამენტის თავჯდომარეზე. ზუსტად ამის გათვალისწინებით მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე და ეს იყო პრინციპული გადაწყვეტილება. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიმეღო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე თუ რატომ არ გადადგა იმ დღესვე, პასუხად ირაკლი კობახიძე ორ მიზეზს ასახელებს. მათ შორის იმას, რომ საქართველოში არ იმყოფებოდა. როგორც პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ განაცხადა გადადგომის ინიციატივა მას ეკუთვნოდა.
„როდესაც კითხვა დაისვა იმასთან დაკავსირებით, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ითხოვდნენ ამას, ამაზე გავაკეთე მე რეაქცია და ეს რეაქცია იყო სრულიად ბუნებრივი. რაც შეეხება ჩემს პოზიციას იმავე დღეს მე მქონდა მყარი პოზიცია, რომელიც შევთავაზე ჩვენს გუნდს. აქ იყო ორი ნიუანსი, ერთი, რომ ვიყავი სხვა ქვეყანაში და სხვა ქვეყანაში ასეთი ტიპის განცხადების გახმოვანება არა არის სწორი და მეორე ნიუანსი არის ის, რომ შემომთავაზეს კიდევ ერთხელ გუნდთან ერთად ამ საკითხზე მსჯელობა. შესაბამისად შევწყვიტე ჩემი ვიზიტი და დავბრუნდი საქართველოში. შედგა შეხვედრა და კიდევ ერთხელ იყო მსჯელობა და მე წარვადგინე ჩემი ინიციატივა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.