3-07-2019
„როგორ ფიქრობთ, რომელიმე ბიზნესმენს, ან რომელიმე დედას ან სტუდენტს უნდა თუ არა ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც ოპოზიციის ან ოპოზიციურად განწყობილ მცირე ჯგუფს აქვს შესაძლებლობა, რომ მშვიდობიანი მანიფესტაცია გამოიყენოს აგრესიული სცენარისთვის და სახელმწიფო გადატრიალება მოახდინოს?“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, ბევრად მეტი შეკითხვა დაისმებოდა, მინისტრს და სამინისტროს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობა რომ არ შეესრულებინათ.
„მათი მოვალეობა არის, რომ სახელმწიფო წესრიგი, კონსტიტუციური ინსტიტუტები დაიცვან ძალადობრივი სცენარებისგან, დაიცვან შემოტევისგან და დაიცვან ქვეყანა არეულობისგან, რომლის რეალური მცდელობაც ჩვენ იქ დავინახეთ“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, სახელმწიფომ მშვიდობიანი მანიფესტაციისა და შეკრების უფლება დაიცვა და პოლიციამ ძალადობრივ სცენარს უარი უთხრა.
„როდესაც მშვიდობიანი მანიფესტაცია შეიკრიბა რუსთაველზე, ამ დროს საზოგადოების მოლოდინები იყო ის, რომ სახელმწიფო იცავს მშვიდობიანი მანიფესტაციის და შეკრების უფლებას და ეს უფლება იყო დაცული. მეტსაც გეტყვით - როდესაც დაიწყო ძალადობა და შეტევა, პოლიცია თითქმის ორი საათის განმავლობაში, იყო თმენის რეჟიმში, როდესაც მასზე ძალადობას ახორციელებდა ის მცირე ჯგუფი, რომელმაც სცადა ამ აქციის გამოყენება თავისი ძალადობრივი სცენარისთვის. გინდათ ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება? სადაც ბიზნესმენებს უნდათ თუ არა ისეთ სახელმწიფოში ინვესტიციების ჩადება, სადაც კონკრეტულ სახელებს და გვარებს, ვისაც აქვთ დესტრუქციული დღის წესრიგი, ვინც ჯერ კიდევ შუალედურ არჩევნებში ქადაგებდნენ და მოუწოდებდნენ სახელმწიფოს ძალადობრივი ცვლილებებისკენ. ვინმეს უნდა ასეთ სახელმწიფოში ბიზნესის კეთება, ინვესტიციების ჩადება, ან შვილებმა რომ ისწავლონ ან სახლი რომ ააშენონ? არ უნდათ. ეს ვინ უნდა უზრუნველყოს? შესაბამისად, შსს მინისტრმა და პოლიციამ უარი უთხრა ამ სცენარს და შსს მინისტრმა გააკეთა ზუსტად ის და შეასრულა ზუსტად ის მოლოდინი, რაც სახელმწიფოს და მოქალაქეებს ჰქონდათ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.